საქართველოში 2020 წელს COVID-ით 2 587 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში 2020 წელს გარდაცვალების ახალი მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 გახდა და ქვეყანაში 2 587 ადამიანი გარდაიცვალა. საქსტატის მონაცემებით, ეს ქვეყანაში გარდაცვალების შემთხვევების 5.1%-ია.
სულ 2020 წელს საქართველოში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც გარდაცვლილთა 43.8% მოდის. შემდეგ სიმსივნეები 16.0%–ით და სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები 7.9%–ით.
ასაკობრივ ჭრილში გარდაცვალების მიზეზები რამდენიმე კლასად იყოფა. 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები.5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები. ხოლო სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებითა და სიმსივნეებით გარდაცვალების შემთხვევები ყველაზე მეტად გავრცელებულია 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში.
აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო კლასიფიკატორის მეათე ვერსიას (ICD-10) გარდაცვალების ახალი მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება COVID-19 2019 წლის ბოლოდან დაემატა და ის ლაბორატორიულად იდენტიფიცირებულია.