საქართველოში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული
მსოფლიოში არსებული ტრენდის ფონზე ელექტრომობილებზე მოთხოვნა საქართველოშიც იზრდება.
კომპანია Helios Energy Georgia-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 2 555 ელექტრომობილია რეგისტრირებული. შედარებისთვის 2020 წლის დეკემბერში რაოდენობა დაახლოებით 2 485-ს შეადგენდა.
ელექტრომობილების რაოდენობის საშუალოვადიან პერსპექტივაში ზრდის მოლოდინი აქვს საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ს. მარტში გამოქვეყნებულ კვლევაში კომპანია აღნიშნავდა იმ 4 ძირითად ბარიერზე, რომელიც ხელს უშლის ქვეყანაში ელექტრომობილების ზრდას, მათ შორის იყო მაღალი ფასი, გადაადგილების შეზღუდული დიაპაზონი, დასატენი ინფრასტრუქტურის ნაკლებობა და მოდელების შეზღუდული არჩევანი.
თუმცა Galt & Taggart-ი ამ ბარიერებს აღმოფხვრადს უწოდებს, რადგან ელექტრომობილების ფასები სწრაფად უტოლდება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ფასებს; გაზრდილია ერთი დამუხტვის შედეგად ელექტრომობილების გასავლელი გზის კილომეტრაჟი (2020 წელს 475 კმ-ს გავლა შეეძლიათ, 2011 წელს კი 100 კმ-ის). ამავდროულად ქვეყანაში იზრდება დამტენების რაოდენობა.
მთლიანობაში ელექტრომობილების ზრდას ხელი შეუწყო საწვავზე და ძველ ავტომობილებზე აქციზის გადასახადის ზრდამ 2017 წლიდან და ელექტრომობილებზე აქციზის გადასახადის გაუქმებამ 2011 წლიდან.