საზოგადოება
09/03/2021

საქართველოს საზედამხედველო და მარეგულირებელმა უწყებებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს საზედამხედველო და მარეგულირებელ უწყებებს შორის უწყებათაშორისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანი ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობაა. მემორანდუმის ხელმომწერი უწყებები არიან: საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ზედამხედველობას და რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტების თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც ფინანსურ და მმართველობის ანგარიშგებასთან დაკავშირებული საკითხების ერთობლივ განხილვასა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას გულისხმობს. მემორანდუმის მხარეები ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ფონდის (IFRS Foundation) რეკომენდებული მიდგომების ფარგლებში იმოქმედებენ, რაც უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს, IFRS) ინტერპრეტაციების შემუშავებას გულისხმობს და კერძო შემთხვევების განხილვას არ მოიცავს.

მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში პროფესიის წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა პირები შევლენ. სხვა საქმიანობასთან ერთად, სამუშაო ჯგუფი აქტუალურ და საინტერესო საკითხებზე სახელმძღვანელოებსა და სხვა პუბლიკაციებს გამოაქვეყნებს.