საქართველოს სავაჭრო პალატა და შტუტგარტის სავაჭრო პალატის აკადემია პროფესიული განათლების პროექტს იწყებენ
საქართველოს სავაჭრო პალატასა და შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომლის ფარგლებში პროფესიული განათლების კუთხით, სამწლიანი ერთობლივი პროექტი განხორციელდება.
დოკუმენტს ხელი საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ტობიას მეიერმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, შტუტგარტის პალატა საქართველოს სავაჭრო პალატას პროფესიული განათლების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილებას გაუზიარებს, რაც ინსტიტუციურად გააძლიერებს პალატას და შრომის ბაზრისთვის უზრუნველყოფს კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას კადრების მომზადების პროცესში.
სავაჭრო პალატა მიმდინარე კვირას გერმანულ დელეგაციას მასპინძლობს, რომლის შემადგენლობაში არიან, შტუტგარტის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპორტის აკადემია და გერმანული ორგანიზაცია Sequa-ს წარმომადგენლები.
ვიზიტის მიზანია, გერმანელი პარტნიორებისთვის საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის გაცნობა და ერთობლივი პროექტის განხორცილება, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განათლების განვითარებას საქართველოში.