საზოგადოება
09/04/2021
საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ისრაელშიც შეძლებენ - ანაზღაურება და პირობები
გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ლეგალურად დასაქმებას ისრაელშიც შეძლებენ. პორტალზე რეგისტრაცია მსურველთათვის 12 აპრილიდან იქნება შესაძლებელი და ის მთელი წლის განმავლობაში გასტანს.
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
შეტანხმების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეები ისრაელში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
სამუშაოს ხანგრძლივობა არის სრული განაკვეთი, 6 სამუშაო დღე კვირაში, 42 საათი კვირაში. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით - 5300 შეკელს .
ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე.
სამუშაო ადგილების კვოტა - იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
განათლება:
საშუალო სკოლა დამთავრებული;
სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.
ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
ზოგადი მოთხოვნები:
• საქართველოს მოქალაქე;
• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;
• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
• ნასამართლეობის არ მქონე;
• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;
• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).
დროებითი ლეგალური დასაქმება საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება.