საზოგადოება
21/10/2021

საქართველოს მალე საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია ექნება

საქართველოს მალე საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია ექნება.

ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავებული სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტის პრეზენტაცია ტრანსპორტის სააგენტომ გამართა, რომელსაც ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობისა და ინსტიტუციურ მშენებლობაზე პასუხისმგებელი დირექტორი, ლორენს მერედიტი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და ევროკავშირის დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში გვექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, დოკუმენტი, რომელიც 2030 წლამდე პერიოდზეა გათვლილი და მოიცავს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დარგის განვითარების მწყობრ გეგმას. ევროკავშირის დელეგაციისა და დიპლომატების, ლორენს მერედიტის და კარლ ჰარცელის დაინტერესება საქართველოს საზღვაო სექტორით და საზღვაო სტრატეგიით ხაზი უსვამს ევროკავშირის მიერ რეგიონის მხარდაჭერას და შავი ზღვით კავშირების განმტკიცების მნიშვნელობას," - განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ევროკავშირის დელეგაციას ბათუმის საზღვაო ნავსადგური და ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალიც დაათვალიერებინა.

Businesspartner