საზოგადოება
17/11/2021

საქართველოს კრიპტობაზარზე ახალი საერთაშორისო კომპანია Hotbit Exchange შემოდის

Hotbit Exchange  ერთ-ერთი წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟაა, რომელიც ახლა უკვე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომია.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში გენო ქუტაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, მსოფლიოში წამყვანი კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა Hotbit დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიის ბაზარზე, ამ ეტაპზე კი კომპანიის ინტერესი და განვითარება ევროპულ ბაზარს უკავშირდება.

"საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი ლიბერალური კრიპტოპოლიტიკითა და გამოცდილებით. ასევე, კრიპტოვალუტის მაინერ ქვეყნებს შორის სიდიდით მესამეა და ერთ-ერთი უმსხვილესი მაინინგ კომპანიის სამშობლოა. ამიტომ ჩვენთვის, როგორც სავაჭრო პლატფორმისთვის, მნიშვნელოვანია ქართული ბაზრისა და რეგიონის ათვისება. ამ მიმართულებით რამდენიმე ადგილობრივი კომპანია ოპერირებს და მოხარულები ვართ, რომ ბაზარს საერთაშორისო კომპანია დაემატება და ერთად ვიმუშავებთ ქართული კრიპტობაზრის განვითარებისთვის.

ამ ყველაფრის წინაპირობა კი ბოლო პერიოდში, ევროპიდან, მათ შორის საქართველოდან გაზრდილი მოთხოვნა და ინტერესია. საკმაოდ ბევრი ქართველი მომხმარებელი გვყავს და მოხარულები ვართ, რომ ახლა მათ გავუწევთ მომსახურებას. ჩვენი ვებგვერდი სრულიად მორგებულია ქართველი მომხმარებლების საჭიროებებზე, დაემატა ქართული ენა და ვალუტა. მომხმარებლებს საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას გაუწევენ ჩვენი სპეციალისტები,"– აღნიშნავს გენო ქუტაშვილი.

მისივე თქმით, თავდაპირველად კავკასიის რეგიონს ევროპული ფილიალიდან, პოლონეთიდან დაფარავენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში კომპანია სერვის–ცენტრის ადგილობრივად გახსნას არ გამორიცხავს. ასევე, იმის გამო, რომ საქართველო მეორე ადგილზეა კრიპტოვალუტის მაინინგის მიხედვით, Hotbit–ი შესაძლო თანამშრომლობისთვის, კარგი პროექტების მოძიებას გეგმავს.

Hotbit Exchange 2018 წელს დაარსდა და მომხმარებლებს მოწინავე ფუნქციებს, მობილურ აპს და ინტუიციურ მომხმარებლის ინტერფეისს სთავაზობს. კომპანიის მიზანია Amazon-ის შექმნა ბლოკჩეინის ინდუსტრიაში.

Hotbit-ი მომხმარებლებს 2100-ზე მეტი ტოკენის დეპოზიტს და გატანას, ადგილზე ვაჭრობის ფუნქციებს, საინვესტიციო პროდუქტების უზარმაზარ მრავალფეროვნებასა და ETF ვაჭრობას სთავაზობს, ამავდროულად, Hotbit Exchange პარტნიორობას უწევს ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ინდუსტრიის ზოგიერთ პოპულარულ პარტნიორს, რათა შექმნას უსაფრთხო, სტაბილური და  მდიდარი მახასიათებლებით გამორჩეული სავაჭრო გარემო ტრეიდერებისა და ინვესტორებისთვის.

"პლატფორმა მართლაც უნიკალური და მოქნილია, ახასიათებს სტაბილურობა, კრიპტოვალუტების მრავალფეროვნება, 24/7 დახმარების ცენტრი და მომხმარებელთა ფოკუსირება. ამასთან, კომპანია თავის მომხმარებელს არ სთხოვს KYC ინფორმაციას და საშუალებას აძლევს ვებსაიტზე დარეგისტრირდეს მხოლოდ ტელეფონის ნომრით, Google-ის დადასტურებით ან ელ.ფოსტის მეშვეობით.

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია. გარდა ამისა, ჩვენ არა მხოლოდ 2000-ზე მეტ ვალუტას ვთავაზობთ ვაჭრობისთვის, არამედ საინვესტიციო პროდუქტების უზარმაზარ მრავალფეროვნებას, როგორც მოქნილ, ასევე ფიქსირებულს"– განმარტავს გენო ქუტაშვილი.