საქართველომ იაპონიისგან 110 დეფიბრილატორი და 155 ელექტროკარდიოგრაფია მიიღო
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა იაპონიის საგრანტო დახმარების ფარგლებში სამედიცინო აპარატურა მიიღო, რომელიც ცენტრის სასწრაფო დახმარების მანქანებში განთავსდება.
საგრანტო დახმარების („ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა“) ფარგლებში, 110 ერთეული დეფიბრილატორისა და 155 ერთეული ელექტროკარდიოგრაფის სამინისტროსთვის ეტაპობრივი მიწოდება კომპანია "კრაუნ ეიჯენტ იაპონიამ" უზრუნველყო.
ცენტრში განმარტავენ, რომ აპარატურა მნიშვნელოვნად დაეხმარება ცენტრს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ყოველდღიურ რეჟიმში მიწოდების მიმართულებით და ხელს შეუწყობს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგს სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.
„ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რომლითაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებია აღჭურვილი. ეს დახმარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ტექსნიკის გადაცემის ღონისძიებაზე.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კალანდია განმარტავს, რომ სამედიცინო აღჭურვილობა მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს ექიმებს კრიტიკული პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციისა და სასიცოცხლო მაჩვენებელების მონიტორინგში, სამედიცინო დაწესებულებაში განთავსებამდე.