საქართველო WHO-სგან 25000 PCR ტესტის ნაკრებს მიიღებს
საქართველო უახლოეს მომავალში ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციისგან (WHO) COVID-19 ტესტირებისთვის საჭირო 25000 PCR ნაკრებს მიიღებს.
ტესტებს მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო და შერჩეული საავადმყოფოები.
”ჯანმო საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს და ქვეყანას ჯანმრთელობის სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ეხმარება. COVID-19 პანდემიის დროს, ჯანმო მთავრობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებაში, რისკების დადგენაში, შემცირებასა და მართვაში, სახელმძღვანელო მითითებების და რეკომენდაციების ეროვნულ კონტექსტში ადაპტირებაში, ჯანმრთელობის აუცილებელი სერვისების განხორციელებაში, ასევე საჭირო აღჭურვილობისა და ტექნოლოგიის შეძენაში უწყობს ხელს“, - ამბობს WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეოკონფერენციის აპარატურა გადასცა, ტექნიკური აღჭურვილობა ასევე 7 კოვიდ საავადმყოფოსაც გადაეცემა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობის საშუალებით (55 დიუმიანი ტელევიზორი, ლეპტოპი, მაღალი რეზოლუციის ვებ კამერები და შესაბამისი აქსესუარები) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საავადმყოფოების პერსონალს ვირტუალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.
ონლაინ ტრენინგები უახლოეს თვეებში გაიმართება და სამედიცინო პერსონალი, COVID-19-ის მიმართულებით, ინფექციების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებებზე, ასევე კლინიკურ მენეჯმენტში უახლეს მითითებებს მიიღებენ. დამატებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ კლინიკებს სადეზინფექციო საშუალებებითაც მოამარაგებს.
ტექნიკური დახმარებით ისარგებლებს სახელმწიფოს მმართველობაში არსებული 7 სამედიცინო დაწესებულება: ინფექციური დაავადებების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის კვლევითი ცენტრი (თბილისი), ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა (თბილისი), სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი ( ბათუმი), ტუბერკულოზი და ინფექციური პათოლოგიის ცენტრი დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი), სამხედრო ჰოსპიტალი გორში (გორი) და რუხის საავადმყოფო (რუხი).