საზოგადოება
03/06/2021

საქართველო-უკრაინას შორის საზღვრის კვეთა გამარტივდება - შეთანხმება ვაქცინაციის აღიარებაზე

საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრაზე შეთანხმებებს მიაღწიეს, რომელიც ორმხივ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, ერთობლივ საინვესტიციო, ინფრასტრუქტურულ-ლოგისტიკური პროექტების განვითარებას ეხება. გარდა ამისა, მხარეები ვაქცინაციის დოკუმენტების აღიარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც საქართველო-უკრაინას შორის საზღვრის კვეთას გაამარტივებს.

როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, ის დაინტერესებულია, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები თანმიმდევრობით განვითარდეს, ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.

“ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეთანხმება ვაქცინაციის შესახებ დოკუმენტების ორმხრივ აღიარებაზე, რომელიც მაქსიმალურად გაამარტივებს საზღვრის კვეთას ჩვენი მოქალაქეების მიერ, რომლებიც დიდი სიამოვნებით მოინახულებენ ჩვენს ქვეყნებს.

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ ნეგატიურად იმოქმედა ჩვენი ორმხრივი ვაჭრობის დინამიკაზე და ჩვენი საქონელბრუნვა 2020 წელს 15.6%-ით შემცირდა, მაგრამ პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, მინდა აღვნიშნო, რომ ისევ გაიზარდა 4%-ით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამ ნეგატიური ტენდენციების გადალახვის მიზნით, შევთანმხდით, რომ წლის ბოლოს ჩვენ ჩავატარებთ ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-უკრაინული მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მე-10 სხდომას და ასევე, უახლოეს მომავალში გაიმართება ტრანსპორტის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის საკითხებში სამუშაო ჯგუფის სხდომები“,- აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

მისი თქმით, უკრაინასა და საქართველოს გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ტრანზიტული პოტენციალი. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების ერთობლივ განვითარებაზე ძალიან დიდ ყურადღებას გაამახვილებენ, ასევე სატვირთო გადაზიდვებზე ჩვენი ქვეყნების შავი ზღვის პორტებს შორის.