საზოგადოება
27/08/2021

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს

საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ადმინისტრაციულ (CA) და საფოსტო საექსპლუატაციო (POC) საბჭოებში მეორე ვადით აირჩიეს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავნ, ეს საქართველოს მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტის აღიარების კიდევ ერთ ფაქტია.

გაეროს სპეციალიზირებული ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) 27-ე კონგრესი 9-27 აგვისტოს კოტ დივუარის რესპუბლიკის ქალაქ აბიჯანში გაიმართა. მუშაობაში მონაწილეობდა ორგანიზაციის 192 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია.

საბჭოები, UPU-ს მომავალ კონგრესამდე 2025 წლამდე პერიოდში მსოფლიოში ფოსტის სფეროს განვითარების და სრულყოფის უზრუნველმყოფი UPU-ს ძირითადი არჩევით ორგანოებია.

ადმინისტრაციული საბჭო (CA) UPU-ს ადმინისტრაციული და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ბირთვია. ადმინისტრაციულ საბჭოში (CA) წევრობით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიღების პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

საფოსტო საექსპლუატაციო საბჭოს (POC) ძირითადი ფუნქციაა საფოსტო მომსახურებასთან დაკავშირებული საექსპლუატაციო, კომერციული, ტექნიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიღება. ამ საბჭოში წევრობით საქართველო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა პროცესის უშუალო მონაწილე იქნება.

როგორც ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების მანძილზე, საქართველოში, საფოსტო საქმიანობის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ წარმატებულად წარმოებული საერთაშორისო თანამშრომლობის გათვალისწინებით, საქართველოს კანდიდატურა მეორე ოთხწლიანი ვადით წარდგენილი იყო ზემოაღნიშნულ მუდმივმოქმედი საბჭოების არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.