საზოგადოება
08/06/2021

საქართველო მსოფლიო ბანკისგან ვაქცინების შესაძენად $34.5 მლნ-ის მიიღებს

საქართველოს მსოფლიო ბანკისგან 34.5 მლნ დოლარს მიიღებს, მიზანია ვაქცინების შეძენაა. 

34.5 მლნ დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა.

ბანკის განმარტებით, თანხა დაემატება 2020 წლის მარტში მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის გამოყოფილ 80 მლნ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

„პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად,  ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19 -ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. 

ფინანსთა მინისტრის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოსთვის 34.5 მლნ დაფინანსების გამოყოფა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს გლობალური პანდემიის კონტექსტში, როდესაც ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებას, იმუნიზაციას და მიზნობრივ სოციალურ დახმარებას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა. "საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც მსოფლიო ბანკისგან პანდემიის დაწყებისთანავე სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა მიიღო 80 მლნ. აშშ დოლარის ოდენობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ქვეყნის მოქალაქეების დახმარებაში. კიდევ ერთხელ მსურს გამოვხატო მადლიერება ჩვენი პარტნიორების მიმართ ყოველი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ ჩვენთან ერთად განახორცილეს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

გასული წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების ძირითადი პროექტის მეშვეობით, მსოფლიო ბანკი საქართველოს დახმარებას უწევდა პანდემიით გამოწვეული საფრთხეების პრევენციასა და საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის  -  4 მილიონზე მეტი პისიარ, ასევე  ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტის და დნმ -ის ექსტრაქციის ნაკრების, 1000-ზე მეტი ჟანგბადით თერაპიის აპარატურის, ასევე სარეანიმაციო და გადაუდებელი დახმარებისთვის განკუთვნილი საწოლებისა და ხელოვნური სუნთქვის აპარატების, და სხვა აუცილებელი საგნების, მათ შორის 11 მლნ. პერსონალური დაცვის საშუალების შეძენაში. ამასთან ერთად, პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჯანდაცვის დაწესებულებების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო შესაძლებლობების განვითარებაში,  მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვით.

პროექტმა ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტის განხორციელებაში, რითაც ყოველთვიური დროებითი დახმარება მიიღო 80,000-მა ოჯახმა; დამატებითი ფინანსური დახმარება კი დაახლოებით 25,000 -მა ისეთმა ოჯახმა, რომელსაც 3-ზე მეტი შვილი ჰყავს; ასევე, ერთჯერადი დახმარება მიიღო  370,000 -მა თვითდასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, ხოლო დროებითი უმუშევრობის დახმარება 160,000 -ზე მეტმა ადამიანმა.