საზოგადოება
12/09/2023

საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის გზის 32-ე კმ-ზე დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოსაწყობად სამუშაოები დაიწყო.

საქმე ის არის, რომ 11 სექტემბერს, საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, არსებული ხიდი და გზის სავალი ნაწილი დაზიანდა და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დროებითი ხიდის მოწყობის პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი გზის გამოყენებით (ბუკნარი-ნაგომარის შემოვლითი გზა), ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელია საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, დროებითი ხიდის კონსტრუქციისა და სპეციალური ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, საპროექტო ჯგუფი დაზიანებულ მონაკვეთზე მუშაობს და მათი დასკვნის შემდგომ დაიწყება ხიდის აღდგენის სამუშაოები.  ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.