"საჭიროა დამატებითი მტკიცებულებები" - ევროსასამართლოს განჩინება 2008 წლის ომში დაზარალებულებზე
ევროსასამართლომ 2008 წლის რუსეთთან ომში დაზარალებულთა საქმეებზე განჩინება „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" გამოაქვეყნა.
რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ" (მაშინდელმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა") სტარსბურგში 400-ზე მეტი პირის განაცხადი 2009 წელს გააგზავნა.
როგორც "უფლებები საქართველოს" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროსასამართლო 18 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც 59 განმცხადებელთან მიმართებაში იქნა გამოტანილი, მიუთითებს რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.