საზოგადოება
27/06/2023

რუსთავში 5 საწარმოს საქმიანობა შეეზღუდა

2020-2022 წლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ რუსთავში, 108 რეგულირების ობიექტის 165 ინსპექტირება განხორციელდა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილემ პარლამენტში რუსთავის საწარმოების მიერ ჰაერდაცვითი ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის 27 ობიექტს, 35 ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინა და განესაზღვრა კონკრეტული გამოსასწორებელი ღონისძიებები შესაბამისი ვადებით.

18 საწარმოს მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 22 ოქმი შედგა თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობაზე.

დეპარტამენტმა დროებით საქმიანობა ქალაქ რუსთავში 5 ობიექტს შეუზღუდა. სამინისტროს თვითმიზანი არ არის საწარმოების დაჯარიმება, არამედ მთავარი მიზნის მიღწევაა, რაც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისთვის და, მათ შორის, აღნიშნული საწარმოს თანამშრომლებისთვის სუფთა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

"სამინისტრო, ბოლო 3 წლის განმავლობაში, აქტიურად თანამშრომლობდა კერძო სექტორთან, ჩატარდა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა და კონსულტაცია, მომზადდა თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვის ინტერაქციული გეგმა, რომლის მონიტორინგიც განახორციელა სამინისტრომ. ამ პროცესს დღესაც ვაგრძელებთ, რათა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სრულად იქნას შესრულებული. მისასალმებელია, რომ ბიზნესის მხრიდანაც გვაქვს მზაობა, რაც გამოიხატება როგორც შესაბამისი ინფრასტრუქტურის, ასევე გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მოწესრიგებაში“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით, სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის მართვის საშუალოვადიანი (2023-2025 წწ) გეგმისთვის. კერძოდ, კიდევ უფრო გაიზრდება საწარმოების ინსპექტირებების რაოდენობა და ცენტრალურ ზონაში წელიწადში, სულ მცირე, 200 ინსპექტირება ჩატარდება.

იდენტიფიცირდება გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული ის საქმიანობები, რომლებიც დაბინძურების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ და მათთვის დადგინდება კონკრეტული, სავალდებულოდ შესასრულებელი ქმედებები მყარი ნაწილაკებით დაბინძურების შემცირების მიზნით. ამასთანავე, გაგრძელდება სხვა უკვე მიღებული რეგულაციების აღსრულება.