საზოგადოება
10/02/2022
"როცა საპენსიო სესხები 100%-ზე მაღალი იყო ვაშაძე არსად ჩანდა, დღეს როცა საბაზრო პირობებია ღია კარს ამტვრევს"
საპენსიო სესხების საკითხს ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჯანიაშილი წერს, რომ პოლიტიკოსები არათანმიმდევრულნი არიან და არარეალურ დაპირებებს გასცემენ ეს პირიქით მათ მიმართ ნდობას ამცირებს.
ანალიტიკოსი ბოლო დროს გააქტიურებულ გიორგი ვაშაძესაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ როცა საპენსიო სესხები 100%-ზე მაღალი იყო, მაშინ ვაშაძე და მისი პარტია არსად ჩანდა, ხოლო დღეს როცა საბაზრო პირობებია ღია კარს ამტვრევს.
"სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთ ლიდერს ვუსმენდი ახლა ეთერში, საზოგადოებაში ნიჰილიზმია, პოლიტიკოსებისადმი ნდობა არაა და ეს სიტუაცია, რომ შეიცვალოს მათ პრობლემებზე უნდა დავიწყოთ საუბარიო. მაგალითად, პენსიონერების საკითხები წამოვწიოთ წინო და სხვა. მართალია ძალიან გვიან, მაგრამ კარგია მაგ დასკვნამდე, თუ მივიდნენ, რომ პოლიტიკოსობა ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა უნდა იყოს! თუმცა თუ პოლიტიკოსები არათანმიმდევრულნი არიან და არარეალურ დაპირებებს გასცემენ ეს პირიქით მათ მიმართ ნდობას ამცირებს. ბოლო არჩევნების წინ რომ გაახსენდათ პენსიონერები და საპენსიო სესხის გაიაფების საკითხი, არაუშავს. რაც ამ თემაზე დაიწყეს საუბარი ჯერ მხოლოდ პოპულიზმი და გაბერილი ციფრები გვესმის. მიუხედავად რამდენიმე თვიანი ე.წ. მუშაობისა ჯერ-ჯერობით რეალური სქემა საპენსიო სესხებზე პროცენტის შემცირების არ წამოუდგენიათ და საუბარი მიდის ისეთი მიმართულებით, რომ შეიძლება საერთოდ უკუშედეგი დადგეს.
ცნობისათვის, სულ 2-3 წლის წინ საქართველოში სწრაფ არაუზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 600%-ს აჭარბებდა, მათ შორის ე.წ. საპენსიო სესხის ეფექტური განაკვეთი 100%-ზე მეტი იყო. შემდეგ დააწესეს კრედიტის საპროცენტო განაკვეთებზე 50%-იანი ზედა ზღვარი და დღეს საპენსიო სესხის პროცენტი 30,6%-ია. სესხების სიძვირე პოლიტიკოსებს დიდად არადროს აწუხებდათ, პირიქით მაშინ სესხებზე ზედა ზღვარის დაწესებას პოლიტიკოსების უმეტესობა ეწინააღმდეგებოდა. როცა საპენსიო სესხები 100%-ზე მაღალი იყო, მაშინ ვაშაძე და მისი პარტია არსად ჩანდა, ხოლო დღეს როცა საბაზრო პირობებია ღია კარს ამტვრევს.
ხო და იმის თქმა მინდა, რომ არათანმიმდევრულობა და პოპულიზმი, რომელსაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება იმედგაცრუება უფრო მეტად აზარალებს პოლიტიკოსებისადმი მოსახლეობის ნდობას როგორც არაფერი. კარგი იქნება სანამ რაიმე პრობლემაზე დაიწყებენ საუბარს, ჯერ საფუძვლიანად შეისწავლიან, რომ იგივე სიტუაციაში არ აღმოჩნდნენ მომავალში, როგორც დღეს საპენსიო სესხებთან დაკავშიებით ხდება", - წერს მერაბ ჯანიაშვილი.