საზოგადოება
18/08/2021

როგორ შევამციროთ COVID-ისგან მიყენებული ზიანი - "ქალები მომავლისთვის" 10 რეკომენდაცია

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა ჩვენი 47 თანამოქალაქე, დაინფიცირდა 6208 ადამიანი, ხოლო ქალაქში იხსნება კოვიდინფიცირებულთა საველე ჰოსპიტალები, კრიზისის ეფექტიანი მართვის მიზნით ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ საჭიროდ მიიჩნევს ქვემოთ მოყვანილი პუნქტების დაცვას და დაუყოვნებლივ ამოქმედებას:

სექტემბრიდან სწავლა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში, სადაც პედაგოგების 90% იქნება სრულად აცრილი; სხვა შემთხვევაში მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით სწავლა უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ დისტანციურად.

მოწყვლადი ასაკობრივი ჯგუფების დაცვის მიზნით დაიწიოს ასაკობრივმა ზღვარმა და შესაძლებელი იყოს ბავშვების აცრა დაიწყოს 12 წლიდან და ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს გათვალისწინებული მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილება.

სოციალური ღონისძიებები (მათ შორის ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, რიტუალური ღონისძიებები და ა.შ.) და მსგავსი ტიპის ხალხმრავალი შეკრებები უნდა იმართებოდეს იმ დათქმით, რომ ასეთ ღონისძიებებზე და საჯარო თავშეყრის ადგილებში ერთად დაიშვებიან მხოლოდ სრულად აცრილი მოქალაქეები.

რესტორნებმა, სალონებმა, კაფეებმა, ღამის კლუბებმა და ა.შ ღია თუ დახურულ სივრცეებში ერთად უნდა დაუშვან მხოლოდ სრულად აცრილი მოქალაქეები. ამასთან, უნდა ხორციელდებოდეს დისტანციის დაცვისა და უსაფრთხოების ზომების კონტროლი ობიექტებში.

კერძო სექტორში და ოფისებში, სადაც გუნდის 90% არ არის სრულად აცრილი, თანამშრომლებმა უნდა იმუშაონ მხოლოდ დისტანციურად.

საჯარო სექტორმა, სადაც პერსონალის 90% არ იქნება სრულად აცრილი, ასევე უნდა იმუშაოს მხოლოდ დისტანციურად და უზრუნველყოს მოქალაქეთა მომსახურება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.

კონცერტები და სხვა სახის გასართობი ღონისძიებები გაიმართოს მხოლოდ სრულად აცრილი არტისტების შესრულებითა და სრულად აცრილი აუდიტორიის დასწრებით.

ბიზნეს სექტორმა ტურისტულ ობიექტებში და ხალხმრავალ, დატვირთულ ლოკაციებზე ამუშაოს მხოლოდ სრულად აცრილი პერსონალი;

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის ნაცვლად, პირიქით, დაემატოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კონკრეტული პირების მიერ მოხდეს მგზავრთა შორის დისტანციის დაცვისა და შესაბამისი რეგულაციების დაცვით გადაადგილების უზრუნველყოფა.

ქვეყანაში ხელმისაწვდომია 4 ტიპის ვაქცინა: Pfizer, Sinovac, Sinopharm, AstraZeneca. ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებისა და, ამასთანავე, ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, გაიზარდოს კომუნიკაციის სიხშირე, განსაკუთრებით რეგიონში, სადაც მოსახლეობას აქვს ნაკლები წვდომა მედია არხებთან და ინტერნეტთან და ინფორმაციას იღებენ მეტწილად პირისპირ კომუნიკაციის მეშვეობით.

ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრები სრულად ვაცნობიერებთ ქვეყნის წინაშე არსებულ რისკებს და განვითარებულ კრიზისს და ამ კრიზისის დაძლევის მიზნით მოვუწოდებთ მოსახლეობას სოციალური პასუხისმგებლობისკენ. ქვეყენაში უკვე აიცრა 800,000-ზე მეტი მოქალაქე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიულ პირებთან, რომლებსაც სურთ თანამშრომლების აცრა ადგილზე, ოფისში, სამედიცინო ბრიგადის მიყვანას უზრუნველყოს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორი. ვართ დარწმუნებული იმაში, რომ ზემოთ მოყვანილი ფაქტორების ამოქმედების შედეგად საგრძნობლად იმატებს ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა; უფრო მეტად იქნება დაცული მოქალაქეთა უსაფრთხოება; ნაკლებად შეფერხდება კერძო თუ საჯარო სექტორის სამუშაო პროცესი და გაადვილდება კრიზისის მართვა ზემოხსენებული პრევენციული ზომების ამოქმედების შემდეგ; შემცირდება ე.წ. ახალი ლოქდაუნის ალბათობა, რომელიც სხვა შემთხვევაში იქნება გარდაუვალი და დააყენებს კატასტროფის წინაშე როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე მთლიანად საქართველოს.