როგორ განკარგეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა სარეზერვო ფონდები პანდემიის პირობებში
ადგილობრივი თვითმმართველობების სარეზერვო ფონდებისთვის პანდემია ნამდვილ გამოწვევად იქცა. ამ ფონდების ძირითადი მიზანი ზუსტად ისეთი გაუთვალისწინებელი ხარჯების დაფინანსებაა, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, ეპიდემიები, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფები. ანუ ისეთი შემთხვევები, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვისთვის გათვალისწინებული წინასწარ ვერ იქნებოდა.
IDFI-ს კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთელი რიგი მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდების ათვისების დაბალი მაჩვენებლებია. მაგალითად, მცხეთის მუნიციპალიტეტს სარეზერვო ფონდიდან ხარჯი საერთოდ არ გაუწევია.
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ყველაზე მეტად იყო გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა 2020 წელს წინა წელთან შედარებით შეამცირა სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯები. ონის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეინიშნებოდა, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო ცენტრალური ქუჩებისა და მოედნების სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით.
კვლევის მიხედვით, პანდემიურ, 2020 წელს 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 14.7 მილიონი ლარის ხარჯი გასწია. ხარჯის 63% (9.26 მილიონი ლარი) 4 ყველაზე დიდი ქალაქის (თბილისი - 6.21 მილიონი ლარი, ბათუმი -1.25 მილიონი ლარი, რუსთავი - 1.18 მილიონი ლარი, ქუთაისი - 620 ათასი ლარი) სარეზერვო ფონდზე მოდის.
თბილისის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა, 2,404 მლნ ლარი მოხმარდა კორონა ვირუსით გამოწვეული დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას. მაგალითად, მერიის სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, დაინფიცირებისაგან დამცავი საშუალებების შესაძენად ჯამში 724,064 ლარი დაიხარჯა.
2020 წელს, წინა წელთან შედარებით თბილისის სარეზერვო ფონდის 1.6 მილიონით ზრდის მიუხედავად, სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეთა სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება 26%-ით შემცირდა, რაც, როგორც IDFI მიათითებს, უმეტესწილად განპირობებულია COVID-19 გამოწვეული სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი თანხის მიმართვით.
ბათუმის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯებიდან 1.09 მილიონი ლარი მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებებს, ხოლო 151.5 ათასი ლარი საკარანტინე სივრცეებიდან მოქალაქეთა ტრანსპორტირებას.
2020 წელს, რუსთავის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი წინა წელთან შედარებით, 836 ათასი ლარით გაიზარდა, რაც უმეტესწილად კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე დაიხარჯა.
2020 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის დაახლოებით 90% (555.9 ათასი ლარი) მოხმარდა მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას.
დანარჩენი 50 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2020 წელს გაწეული ხარჯებიდან 28% (1.54 მილიონი ლარი) მოხმარდა პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსებას, 23% (1.24 მილიონი ლარი) მოქალაქეთა მატერიალურ დახმარებას, 14% (744.2 ათასი ლარი) - სტიქიის ან სხვა უბედური შემთხვევების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 8% (425.4 ათასი ლარი) სხვადასხვა კაპიტალურ ხარჯს, ხოლო დანარჩენი 27%-ის შემთხვევაში მიზნობრიობა სრულიად უცნობია.
ორგანიზაცია მიათიათებს, რომ 2020 წელს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულია კაპიტალური პროექტები, რომლებზეც მითითებული მიზნობრიობიდან არ იკვეთება ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მისი გათვალისწინების შეუძლებლობა და შესაბამისად სარეზერვო ფონდიდან მისი დაფინანსების აუცილებლობა.
IDFI განმარტავს, რომ ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ გასაჯაროებულია სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები.
ერთ-ერთ პრობლემად ორგანიზაცია სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით იმას ასახელებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რეგულაციებს, ეს კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.
"2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდებიდან გაწეული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია.
ცალკეული მუნიციპალიტეტები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს, ხოლო ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. სარეზერვო ფონდის მინიმალური ათვისება, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიით შექმნილი მდგომარეობის პირობებში.
მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის არაერთგვაროვან პრაქტიკაზე ნათლად მეტყველებს, 2020 წელს პანდემიასთან საბრძოლველად თანხების გამოყოფის პრაქტიკა. მაგალითად, უშუალოდ პანდემიის ბრძოლის ფარგლებში სარეზერვო ფონდიდან თანხა მხოლოდ 26-მა მერიამ გამოყო. ამასთან, მუნიციპალიტეტების მიერ თანხის გამოყოფის პრაქტიკა ნაკლებად კავშირშია კონკრეტული მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან.
მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს სარეზერვო ფონდის განკარგვასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის არასრულფასოვანი რეგულაციები, რაც ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს. ასევე, განსაკუთრებით პრობლემურია მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არაერთგვაროვანი აღრიცხვის პრაქტიკა და ცალკეული მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდების განკარგვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გასაჯაროება.
სარეზერვო ფონდების განკარგვის გამჭვირვალე პროცესს, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მიერ სარეზერვო ფონდიდან გაწეული ხარჯების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებისგან თავის შეკავება. მაგალითად, სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების უდიდესი ნაწილი მიმართულია მოქალაქეთა ფინანსურ დახმარებებზე. აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალე წარმართვა, მნიშვნელოვან რისკებს აჩენს საბიუჯეტო სახსრების არასამართლიანი განაწილების თვალსაზრისით", - მითითებულია კვლევაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში 64 მუნიციპალიტეტია, IDFI-მ მხოლოდ 54 მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის ხარჯები შეისწავლა, ორგანიზაციას 6-მა მუნიციპალიტეტმა (ადიგენის, ახალქალაქის, ახმეტის, ბოლნისის, ლანჩხუთის, ლენტეხის, სიღნაღის, შუახევის და ხარაგაული) საჯარო ინფორმაცია საერთოდ არ მიაწოდა, 2-მა (ჩოხატაურისა და წალკის მერიებმა) კი სრულად არ წარადგინა.