როგორ გადაიხდით მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს - დაანგარიშების ახალი სქემა
მომხმარებელს ელექტროენერგიის მრიცხველის ჩვენების კომპანიისთვის მიწოდება მოუწევს, - სემეკი ელექტროენერგეტიკის სექტორში ე.წ. გარდამავალ პერიოდში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
მოხმარებლებმა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიებისგან შეტყობინება მიიღეს, რომლის მიხედვითაც 30 ივნისის მდგომარეობით მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენება მრიცხველზე სს “თელასს” უნდა მიაწოდონ სმს-ში მითითებული ბმულის საშუალებით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლები სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფენ 30 ივნისს სმს-ში მითითებულ ბმულზე მრიცხველის ჩვენების გაგზავნას კომპანიისთვის, ივნისში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაერიცხებათ მათ მიერ საშუალოდ, დღიურად მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისად.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" სემეკში განუცხადეს, მომხმარებელს მრიცხველის ჩვენების გაგზავნა კომპანიისთვის ერთჯერადად მოუწევს.
ამავდროულად სემეკში განმარტავენ, რომ თუ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს წარდგენილი აქვთ დეპოზიტი სს “თელასისათვის” ან “ენერგო პრო ჯორჯიასათვის”, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ თანხის უკან დაბრუნება საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით ან მიმწოდებლისთვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მოწოდება) გადაცემა მათ (მომხმარებელი, მცირე საწარმო) ახალ სააბონენტო ბარათზე განსათავსებლად.
"თუ მომხმარებლებს ან მცირე საწარმოს პირად ბარათზე აქვთ დადებითი ბალანსი, ისინი უფლებამოსილნი არიან, მოითხოვონ მისი მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემა ან საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა.
“თელასი” და “ ენერგო პრო ჯორჯია” ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მომხმარებლის ინფორმირება დადებითი ბალანსის/დეპოზიტის არსებობის შესახებ მისი დაბრუნების ან მიმწოდებლისათვის (თელმიკო, ეპ ჯორჯია მიწოდება) გადაცემის უფლების მითითებით.
თუ მომხმარებლები წერილობით გამოხატავენ დეპოზიტის ან დადებითი ბალანსის მიმწოდებლისათვის გადაცემის ნებას, “თელასი” და “ენერგო პეო ჯორჯია” უზრუნველყოფენ ბალანსის გადაცემას;
თუ მომხმარებლები მოითხოვენ თანხის დაბრუნებას - “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” უზრუნველყოფენ დეპოზიტზე განთავსებული თანხის მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვას.
„თელასთან“ და „ენერგო პრო ჯორჯიასთან“ არსებული განწილვადების ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულებები უცვლელად აისახება ქვითარში, რომელსაც მომხმარებელი მიიღებს შემდგომ პერიოდში “თელმიკოს” ან “ეპ ჯორჯია მიწოდებისგან”. გადანაწილებულ თანხას მომხმარებელი იმავე პრინციპითა და ოდენობით გადაიხდის", - განმარტებულია სემეკის განცხადებაში.