საზოგადოება
24/11/2021

რის გაკეთება და როდიდან იგეგმება გონიოს პოლიგონზე - მთავრობა კონცეფციას უახლოეს თვეებში წარადგენს

გონიოში მულტიფუნციური ქალაქის მშენებლობაში რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, კონკრეტულ გეგმას კი მთავრობა, როგორც პრემიერი ამბობს, უახლოეს თვეებში წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ გონიოში სპეციალური ეკონომიკური ზონა მოიცავს მათ შორის ფინანსურ ცენტრს, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს.

"მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. ამის თაობაზე გეგმას უახლოეს თვეებში წარმოვადგენთ. მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე, ვარჩევთ საუკეთესო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას და რეალურად ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის Gambling city უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს კაზინოებიც, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი და მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. აქვე გეტყვით, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა ფინანსურ ცენტრებზე, ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული კონცეფციაა და ამაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ კონკრეტულ პაკეტებს და შემოთავაზებებს. ფინანსური ცენტრის შექმნა გვინდა ასევე თბილისშიც, ქუთაისშიც ტექნოლოგიური პარკის და AT-მიმართულებით დამატებითი ზონის შექმნაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი მიმზიდველი პროდუქტის შეთავაზებას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა განმარტა, რომ მისი ინიციატივა კაზინოების შეზღუდვასთან დაკავშირებით არასწორად განმარტეს. 

„ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში. მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.