RG ევროსასამართლოს განჩინებაზე: მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის
„უფლებები საქართველოს" (Rights Georgia) გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლების საქმეებზე მუშაობის გაგრძელების მიზნით, დაიწყოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ქმედებების განხორციელება.
კერძოდ საქმე ეხება ევროსასამართლოს 2008 წლის რუსეთთან ომში დაზარალებულთა საქმეების განჩინებას „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ", რომელიც ევროსასამართლომ 18 ნოემბერს გამოაქვეყნა.
„უფლებები საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის თქმით, „ევროსასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ განმცხადებელებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, „უფლებები საქართველოს" კიდევ ერთხელ მოუწევს დიდი ძალისხმევის გაწევა. კერძოდ, უნდა განახლდეს მონაცემები განმცხადებელების შესახებ, შეგროვდეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დარღვეული ევროკონვენციის მუხლები".
ევროსასამართლო 18 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც 59 განმცხადებელთან მიმართებაში იქნა გამოტანილი, მიუთითებს რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.
რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ" (მაშინდელმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა") სტარსბურგში 400-ზე მეტი პირის განაცხადი 2009 წელს გააგზავნა.