რესტორნები, მარნები, საფეხმავლო ქუჩები, სკეტ-პარკი - როგორი იქნება რეაბილიტირებული ველისციხე
ველისციხის რეაბილიტაცია იწყება. პროექტი, რომლის ბიუჯეტი ₾30.4 მლნ-ია, კახეთის ამ პატარა სოფლის ტრანსფორმაციას გულისხმობს.
ცენტრალური ქუჩის, თეატრის, პარკის და ქუჩასთან მიმდებარე 50 სახლის რეაბილიტაციის პროექტი ამავდროულად რეაბილიტირებული სახლების სასტუმროებად, რესტორნებად, მარნებად ამუშავებას ითვალისწინებს.
ცენტრალური ქუჩა საფეხმავლო ქუჩად გადაკეთდება, რეაბილიტირდება ცენტრალური პარკი, პარკში განლაგდება მზის პანელები, მოეწყობა ფანჩატური, ტრენაჟორები, ბილიკები, განათება.
გათვალისწინებულია სკეიტ-პარკის და მრავალფუნქციური შენობის მოწყობა.
პროექტის განხორციელების შედეგად სოფელში ტურისტული ნაკადების ზრდის მოლოდინი ავტოსადგომების მოწყობის საჭიროებას ქმნის. შესაბამსად პროექტი ითვალისიწნებს ავტოსადგომების მოწყობას როგორც დიდი ავტობუსებისთვის, ასევე ავტომობილებისთვის. უკვე შერჩეულია ადგილიც - სოფლის აღმოსავლეთ ნაწილიში, მდინარე ჭერმისხევის ახლოს.
ტერიტორიაზე დაგეგმილია, როგორც ავტოსადგომის, ასევე, მომავალში პარკის მოწყობა. პარკში გათვალისწინებულია ღია სპორტული მოედნები, დახურული სპორტული დარბაზი, გამწვანება. მდინარე ჭერმისხევის მიმდებარედ მოეწყობა ბულვარი. დაპროქტებულია ღია ავტოსადგომი და პავილიონი.
გათვალისწინებულია 12 სადგომი ავტობუსისთვის და 66 სადგომი ავტომანქანისთვის.
სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა, პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს.