ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეპიდემიოლოგები საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებზე საუბრობენ, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელია.
როგორც jandacva.ge წერს, აღნიშნულ მაჩვენებელს ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი (ჰელს მეტრიკი) სპეციალური აეროგადაღების ტექნოლოგიით ზომავს. ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოში ეს მონაცემი 43%-მდეა შემცირებული, რაც, სპეციალისტთა შეფასებით, დაბალი მაჩვენებელია. კორონავირუსის ეპიდემიის პიკურ პერიოდში ეს მონაცემი 75%-ს აღწევდა, შემდგომ კი თანდათანობით ქვემოთ ჩამოვიდა.
იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია ქვეყანაში დაბალი ტემპებით მიმდინარეობს (თუმცა მაღალი ტემპების შემთხვევაშიც იმუნიზაცია დადებით შედეგს შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა), ხოლო ეკონომიკის სფეროები იხსნება, სპეციალისტები პირბადეს, მრავალრიცხოვანი ღონისძიებებისგან თავის არიდებასთან ერთად, ინფიცირებისგან თავის დაცვის უმთავრეს იარაღად ასახელებენ. მათი თქმით, თუ მოსახლეობამ დაცვის ეს საშუალება არ გამოიყენა, დღის წესრიგში კვლავ დადგება წერტილოვანი შეზღუდვების ამოქმედება. ეს კი, ეკონომისტების პროგნოზებით, დამატებით ათიათასობით ადამიანს უმუშევრობად დაუჯდება.
როგორია მსოფლიოში პირბადის ტარების მაჩვენებელი? „ჰელს მეტრიკის“ თანახმად, მსოფლიო მასშტაბით ეს მონაცემი საშუალოდ 62%-ია. ისრაელში, სადაც „ფაიზერით“ ერთჯერადი იმუნიზაცია ქვეყნის მცხოვრებთა 50%-მა, სრული, ორჯერადი კურსი კი თითქმის მთელმა მოსახლეობამ ჩაიტარა, ნიღაბს მოქალაქეთა 78% ატარებს. თითქმის ანალოგიურია ეს მონაცემი შეერთებულ შტატებში.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ნიღბის ტარების მაჩვენებელი საქართველოზე დაბალი, 38% აქვს სომხეთს, ხოლო აზერბაიჯანს 78. მოსახლეობის 85% ატარებს ნიღბებს თურქეთში.