საზოგადოება
14/05/2021

რატომ შეწყდა "განახლებული რეგიონის" ფარგლებში გამოცხადებული 5 ტენდერი - MDF-ის განმარტება

მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) მიერ პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში გამოცხადებული 5 ტენდერი შეწყდა.

ფონდმა სულ მთავრობის ინიცირებული პროგრამის ფარგლებში 15 ტენდერი გამოაცხადა, თუმცა დღეს ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 15-დან 10 ტენდერში, ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, საკონკურსო პირობების ერთი მუხლი დაზუსტდა და ათივე ტენდერი გრძელდება, შესაბამისი პროცედურების დაცვით.

"რაც შეეხება 5 ტენდერს, მათი სატენდერო პროცესის მიმდინარე სტატუსიდან გამომდინარე, დაზუსტება ვეღარ მოხდებოდა. ამიტომ, ეს 5 ტენდერი შეწყდა და უკვე გასწორებული რედაქციით გამოცხადდება თავიდან.

ტენდერების შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს", ნათქვამია ფონდის გავრცელებულ განცხადებაში.

იქვე განმარტებულია, რომ პროგრამის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები უკვე გაიმართა საქართველოს ყველა რეგიონში და შეირჩა მუნიციპალიტეტებში განსავითარებელი არეალები.

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და თბილისის გარდა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 63 მუნიციპალიტეტისათვის 15 ტენდერი გამოაცხადა.