რაში დაიხარჯა COVID-19-ის პანდემიის დროს ₾4 მლრდ - IDFI-ს კვლევა
პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის 4.15 მლრდ ლარია დახარჯული.
IDFI-ის მონაცემებით, 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით დაიგეგმა დამატებით 5.6 მილიარდი ლარის მობილიზება, უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებებისათვის განისაზღვრა 3.4 მილიარდი ლარი.
პანდემიის ფარგლებში განხორციელებული ანტიკრიზისული ღონისძიებების დაფინანსების მთავარ წყაროს საზღვარგარეთიდან მიღებული ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები და გრანტები წარმოადგენდა. პანდემიის ფარგლებში, 2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საზღვარგარეთიდან ჩამორიცხულია 1.44 მილიარდი ევროს დაფინანსება.
2020 წელს ათვისებული საგარეო კრედიტების 63% მოხმარდა ბიუჯეტის მხარდაჭერას, 14% - საგზაო ინფრასტრუქტურას, 7% - საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, 7%-მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას, 6% - ჯანდაცვის სექტორს, 1%-ენერგეტიკის სექტორს, ხოლო 2% - სხვა ხარჯებს.
“საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში, ცალკეული პროექტების ათვისებული თანხები მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის გეგმიურ მაჩვენებელს“,- აცხადებენ IDFI-ში.
მათივე მონაცემებით, 2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიღებული მიზნობრივი გრანტების ფარგლებში ათვისებული 98.4 მილიონიდან, 14.8 მილიონი მოხმარდა შრომის ანაზღაურებას, ხოლო 44.9 მილიონი ლარი - საქონელი და მომსახურებას.
2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში დონორის სახსრებით 113 შესყიდვა/ფასების კოტირება გამოცხადდა. მათ შორის, Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული 10 ტენდერიდან მხოლოდ 7 შედგა და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 13 მილიონ 800 ათას ლარამდე შეადგინა.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან 1 წლის განმავლობაში, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის სულ დაიხარჯა 4.15 მილიარდი ლარი. მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას მოხმარდა 594.4 მილიონი ლარი, მოსახლეობის სოციალურ დახმარებას 1.13 მილიარდი ლარი, ბიზნესის მხარდაჭერას 786.9 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი 1.63 მილიარდი ლარი ეკონომიკის ხელშეწყობის დამატებით პაკეტებს.
ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის, კოვიდ ტესტების შესყიდვაში ჯანდაცვის სამინისტროს ხაზით 146,840,376 ლარი დაიხარჯა. ხარჯი სამინისტროს დაქვემდებარებულმა სხვადასხვა უწყებამ გასწია, მათ შორის: თავად სამინისტროს აპარატმა ჯამში 21 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა; ა(ა)იპსამედიცინოჰოლდინგმა - 1,670,320 ლარი, საგანგებო სიტუაციების მართვისა და კოორდინაციის ცენტრმა - 1,344,545 ლარი; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა და ლუგარის ლაბორატორიამ ერთობლივად - 10 მილიონ ლარზე მეტი; 33.5 მლნ დოლარზე მეტია (111.5 მლნ ლარზე მეტი) დახარჯული ტესტების შესყიდვაში.
სოციალური დაცვის მიმართულებით, 1 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოხმარდა მოსახლეობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას - 469.6 მილიონი ლარი. მსგავსი ხარჯების ზრდას ხელი შეუწყო ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამ.
უმუშევრად დარჩენილთა 200-ლარიანი დახმარების პროგრამისთვის 2020 წლის ბიუჯეტიდან 450 მლნ. ლარი გამოიყო.
“პროგრამის მიმდინარეობის მანძილზე (მაისი-ნოემბერი) გამოყოფილი თანხების მესამედიც ვერ იქნა ათვისებული“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.
ამასთან, როგორც IDFI-ში ამბობენ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარების ბენეფიციართა რიცხვი ყოველთვიურად იზრდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პანდემიის ფონზე მეტი ოჯახი ღარიბდება და მოითხოვს დახმარებას. 2020 წლის მაისიდან 2021 წლის მარტამდე, პროგრამის ბენეფიციარი სოციალურად დაუცველი ოჯახების რიცხვი 45,771-ით (23%-ით) გაიზარდა.
StopCov ფონდში მობილიზებული თანხის უდიდესი ნაწილი 18 წლამდე ბავშვების დახმარებაზე (925,000 ბავშვი) დაიხარჯა. სულ პროგრამაზე 185 მლნ. ლარი დაიხარჯა, რაც გამოყოფილ ბიუჯეტს - 160 მლნ. ლარს - +16%-ით აჭარბებს. დახმარება იყო ერთნაირი მოცულობის (200 ლარი) ბავშვის სოციალური მდგომარეობის მიუხედავად.
ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებების ფარგლებში, 1 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რესურსი საშემოსავლო გადასახადზე დაწესებულ შეღავათს მოხმარდა - 443.9 მილიონი ლარი.
რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში შესყიდული 168.3 ათასი ტონა ყურძნისნახევარზე მეტი (86.7 ათასი ტონა) სახელმწიფო საწარმომ (სს „აკურა“) შეისყიდა.
ფერმერებმა აგრობარათზე დარიცხული ქულების ფარგლებში, 31.2 მილიონი ლარი დახარჯეს სპეციალიზირებული მაღაზიებიდან გარკვეული საქონლის შესყიდვაზე, ხოლო ხვნის მომსახურებაზე - მხოლოდ 25.7 ათასი ლარი.2020 წელს და 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული თანხიდან (55,511,407.59) კორონავირუსთან ბრძოლის მიზნობრიობით დახარჯულია მხოლოდ 14% - (7,708,933.6 ლარი).