საზოგადოება
29/08/2020

რას მოუტანს საქართველოს პროგრამა Log-in Georgia - სებასტიან მოლინეუსის განმარტება

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო. დაფინანსება Log-in Georgia პროექტისთვის გამოიყო და მისი მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

პროექტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის რეგიონული წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა განმარტა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.

"ჩვენ მიზნად ვისახავთ 1000 სოფლის და 500,000 ადამიანის ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირებას, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში.

ჩემი აზრით, ეს პროექტი წარმოგვიდგენს ორ მნიშვნელოვან შესაძლებლობას:

პირველი - ის ხელს შეუწყობს მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევას, რომლის წინაშეც ვდგავართ საქართველოში, ეს არის ქვეყანაში არსებული ეკონომიკური დუალიზმი. მაგალითად,  ვისურვებდი, რომ როგორც ახლა მე შემიძლია ინტერნეტში ნავიგაცია და თბილისში ღია ცის ქვეშ პარკში მუშაობა, იგივე შესაძლებლობა ჰქონდეს თითოეულ მოქალაქეს სოფლებსა და მაღალმთიან დასახლებებშიც.  

მეორე - ჩემი აზრით, ამ პროექტიდან გამომდინარე რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური შესაძლებლობა არსებობს, როგორიცაა მეწარმეობის ხელშეწყობა - ხელოსნები შეძლებენ პროდუქციის „ონლაინ“ ყიდვა-გაყიდვას; ასევე, მაგალითად ფიზიკური პირები შეძლებენ ინდივიდუალური ტურისტული კომპანიის შექმნას, რათა გააქირავონ საკუთარი  სახლი ან ტურისტებს სხვა სახის სერვისები შესთავაზონ.

ზოგადად მიმაჩნია, რომ „ინტერნეტიზაციას“, მნიშვნელოვანი სამუშაო შესაძლებლობების უზრუნველყოფით, შეუძლია არსებითი ეკონომიკური სარგებლისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის მოტანა საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის.

ახლა, მოკლედ წარმოგიდგენთ პროექტს, ის ძირითადად 3 კომპონენტისგან შედგება:

პირველი კომპონენტი - პროექტი ხელს შეუწყობს ფინანსურად ხელმისაწვდომი მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას, რაც ნიშნავს ფოკუსირებას ციფრულ ინფრასტრუქტურაზე, საშუალო ფაზის ქსელების შექმნაზე და ინტერნეტპროვაიდერების წახალისებაზე, რათა მათ მოსახლეობას ინტერნეტმომსახურება ხელმისაწვდომ ფასად გაუწიონ. ასევე გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი დარგობრივი პოლიტიკის და რეგულირების კომპონენტი, ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

მეორე კომპონენტი - ეხება ინტერნეტის გამოყენებას, რაც ჩემი აზრით განსაკუთრებულ ხაზგასმას იმსახურებს. და ეს კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე COVID-19 -ის კრიზისის კონტექსტში. დავფიქრდეთ შესაძლებლობაზე, რასაც ინტერნეტი იძლევა დისტანციური და ელექტრონული სწავლებით საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ასევე,   აღსანიშნავია შესაძლებლობა, რომელსაც ტელემედიცინა აძლევს ადამიანებს განსაკუთრებით სოფლებში; შეიძლება დაფიქრება სხვა სახის გამოყენებაზე, როგორებიცაა ციფრული საფინანსო სერვისები, რომლებიც შეასრულებს ძალზე მნიშვნელოვან როლს წინსვლაში.

მესამე და ბოლო კომპონენტი - პროექტის განხორციელების პროცესში Open Net -ის ინიციატივის მხარდაჭერა და  მონიტორინგის, შეფასების, ტრენინგის და შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფა", - განმარტავს სებასტიან მოლინეუსი.

Businesspartner