საზოგადოება
01/06/2021

რამდენი მომხმარებელი ჰყავს მობილურ ინტერნეტს

მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა იზრდება.

2020 წლის ბოლოსთვის, ინტერნეტ მომსახურებით მობილური ქსელის აბონენტების უკვე 3.3 მლნ სარგებლობს.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, 2016 წლიდან 2020 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 7.1% შეადგინა.

მარეგულირებელი მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის: მოსახლეობაში ციფრული უნარ-ჩვევები იზრდება; გაზრდილია მოთხოვნილება ონლაინ რეჟიმში ინფორმაციის წვდომაზე; დინამიკაში მუდმივად იცვლება მობილური მომხმარებლის ქცევა სატელეკომუნიკაციო მომსახურებების მოხმარების კუთხით; სულ უფრო მეტი მომსახურება გადადის ონლაინ/ციფრულ სივრცეში, რაც თავისთავად ხელს უწყობს მოხმარების ზრდას.

2020 წლის ბოლოსთვის ყველაზე მეტი მობილური ინტერნეტ მომხმარებელი ჰყავს:

"სილქნეტს" - 1.17 მლნ

„მაგთიკომს“ - 1.08 მლნ

„ბილაინს“ - 1.00 მლნ

2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ჯამური გამავალი ხმოვანი ტრაფიკი 2.7%-ით გაიზარდა და 10.2 მლრდ წუთი შეადგინა. მობილური ოპერატორების ჭრილში, 2020 წლის IV კვარტლის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ თვეში ყველაზე მეტს „ბილაინის“ აბონენტები საუბრობენ, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებული შედარებით დაბალი ტარიფებითაა გამოწვეული, შემდეგ „სილქნეტის“ მომხმარებლები, ხოლო ყველაზე ცოტას - „მაგთიკომის“ აბონენტები საუბრობენ.