საზოგადოება
31/03/2021

რა სიმპტომები ვლინდება ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარებისას - Cognita-ს კვლევა

ცენტრ Cognita-მ გამოიკვლია, რა ცოდნა აქვთ ახალგაზრდებს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადების შესახებ. აგრეთვე რა სიმპტომებია უკვე გამოკვეთილი 18-დან 25 წლამდე ასაკის პირებში თამბაქოს მოხმარების შედეგად. 

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გამოკითხულთა შედარებით მცირე ნაწილი ამჟღავნებს ცოდნას თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ისეთი საშიში და გავრცელებული დაავადებების შესახებ როგორიც არის:
-გულსისხლძარღვთა (24%)
-ონკოლოგიური (18:%)
-იმუნური სისტემის დაავადებები (13,46%)
-დიაბეტი (4%)
-ნერვული სისტემის დაზიანება (16%)
-ასევე ნაადრევი სიკვდილი (18,49%)
 
აგრეთვე, როგორც Cognita-ში ამბობენ, საგანგაშოა, რომ თამბაქოს მოხმარების შედეგად ახალგაზრდებში უკვე გამოკვეთილია გარკვეული სიმპტომები, რომელთაგან ყველაზე ხშირად დასახელდა:
 
-თავბრუსხვევა/თავის ტკივილი (10.60%)
-სუნთქვის გაძნელება (18,39%)
-გულისცემის გახშირება/წნევის მომატება (13,69%)
-ქრონიკული დაღლილობა (13,56%)
-გონებრივი უნარების დაქვეითება (9,22%)
-ლიბიდოს დაქვეითება (2,30%)
-დეპრესია (12,90%)
-იმუნური სისტემის დისფუნქცია (5%)
-კუნთების სისუსტე (5,76)
-შრომისუნარიანობის/პროდუქტიულობის დაქვეითება (10%)
-ფიზიკური აქტივობის დაქვეითება (17%)
 
Cognita-მ კვლევა 2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. გამოიკითხა 231 ადამიანი, აქედან 67% 18-დან 25 წლამდე ასაკის პირები არიან. კვლევის ძირითადი მიზანია, დადგინდეს რა საინფორმაციო მხარდაჭერა ესაჭიროებათ საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და პრევენციისთვის, ასევე რა არხებით შეიძლება ამ მხარდაჭერის განხორციელება ყველაზე ეფექტურად.
 
რესპონდენტები ამბობენ, რომ თამბაქოს მავნეობის შესახებ ინფორმაციას უფრო მეტად ინტერნეტის საშუალებით იგებენ, აგრეთვე მედიის საშუალებით, სიგარეტის შეფუთვიდან, ყოფილი მწეველებისგან. მათ ურჩევნიათ, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისთვის საინფორმაციო მხარდაჭერა მიწოდებული იყოს სტატიებისა და ბლოგების საშუალებით, საკითხს მიეძღვნას ტელე-რადიო გადაცემები, მომხრეები არიან ჯგუფური თერაპიის, ლექციების ფორმატის. 
 
რესპონდენტების უმრავლესობა არ ავლენს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის სერვისებით/პროგრამებით სარგებლობის მზაობას და პასუხობს, რომ მოწევის შეწყვეტას შეძლებს დამოუკიდებლად, ყოფილი მწეველების დახმარებით, ფსიქოთერაპევტის დახმარებით, მოწევას თავს დაანებებს, როცა მობეზრდება. 10,34% კი ამბობს, რომ მოწევის შეწყვეტას არ აპირებს. 
 
გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, Cognita-ს რეკომენდაციაა, თამბაქოს მავნეობასთან დაკავშირებით საზოგადოების ყველა წევრს, მრავალი საინფორმაციო არხის გამოყენებით, დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს. თამბაქოზე დამოკიდებულების არსი კარგად უნდა იყოს ახსნილი - ფსიქოლოგიური, სოციალური და ფიზიოლოგიური. მწეველებისთვის შეთავაზებული უნდა იყოს თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის პროგრამები, როგორც თბილისში ისე სხვა რეგიონებში. დაწყებული სამოტივაციო კონსულტაციით და ასევე კლინიკების სახით.