რა შემთხვევაშია უცხოეთში ქართველების ლეგალურად დასაქმება გამართლებული - PMC-ის შეფასება
PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გერმანიასთან მიღწეულ შეთანხმებას ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას აფასებს. გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, რომ პროცესი ქვეყნისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მომგებიანი თუ გაუმჯობესებული უნარ-ჩვევები და დაგროვილი ცოდნა შემდგომში ადგილობრივ ბაზარზე იქნება გამოყენებული.
„ყველამ ვიცით რომ განვითარებულ ქვეყნებში ბიზნესგარემო, ბიზნესეთიკა ტექნოლოგიები და ა.შ უფრო მაღალ საფეხურზეა. შესაბამისად, კარგია თუ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო განვითარებულ ქყვეყნებში აიმაღლონ ცოდნა ნებისმიერი მიმართულებით. ეს შემდგომში იქნება შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ უფრო მეტი კვალიფიციური კადრი ჰყავდეს ამა თუ იმ სექტორში. მაგრამ მხოლოდ ის რომ გერმანიაში დასაქმებას სახელმწიფო უზრუნველყოფს არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ამ მოდელმა იმუშაოს,“ - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი.
ექსპერტების ვარაუდით, არსებობს გარკვეული წინაპირობები, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში ქართველების საზღვარგარეთ დასაქმება ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.
„პირველ რიგში აუცილებელია მოხდეს მოქალაქეების სრულად ინფორმირება რა ტიპის სამუშაოს გაწევა მოუწევთ გერმანიაში ჩასვლის შემდეგ. მათ შორის დაზუსტებული უნდა იყოს რა დროით რა სექტორებში და რა ანაზღაურებით მოხდება დასაქმება. ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქართველები ზედმიწევნით იცნობდნენ იმ უფლებებს რაც მათ ლეგალურად დასაქმების შემთხვევაში გააჩნიათ. საბოლოოდ კი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მივცეთ შესაძლებლობა შეძენილი უნარები საქართველოში გამოიყენონ. ამ პირობების შესრულების შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ ინიციატივა სწორად. ხოლო თუ ეს პირობები არ შესრულდება საფრთხის წინაშე დგება თვითონ მოქალაქე რომელმაც არ იცის რაზე და სად მიდის. ან მეორე შესაძლოა დავკარგოთ ის საუკეთესო სამუშაო ძალა, რომელიც დღეს ბაზარზე ისედაც პრობლემურია....“ - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი.
შეგახსენებთ, გერმანიასთან ქართველების ლეგალურ დასაქმებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ მთავრობამ მომდევნო ეტაპი საფრანგეთში, ისრაელსა და საბერძნეთში დაანონსა.
საქართველოს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სეზონური დასაქმებისათვის საჭირო აპლიკაცია „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ სულ რაღაც 2 დღეში 86 000-მა ადამიანმა შეავსო. ცნობილია, რომ გერმანიაში ლეგალურად დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.
დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, გერმანიის შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1-დან 3 თვემდე ვადით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები კი აპრილიდან დაიწყება. გერმანიაში სეზონური დასაქმების პროგრამაში რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე.