პური 10-15 თეთრით გაძვირდა - ფასი 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა
პური 10-15 თეთრით გაძვირდა. როგორც პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა, მიზეზი ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა.
მალხაზ დოლიძის განმარტებით, პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.
"სუბსიდირება დასრულდა, შესაფუთი მასალები გაძვირებულია, ამ ყველაფრის ფონზე მსხვილი კომპანიები იძულებული გახდნენ ფასები გაეზარდათ, მათ შორის არის "იფქლი" და პურის სხვა მწარმოებლები, რომლებიც თბილისსა და რეგიონს ამარაგებენ. 15 თეთრიან ფასნამატში პურის მწარმოებელი კომპანიების მიერ მომატებული ფასი 10 თეთრს შეადგენს, დამატებით 5 თეთრით კი ზოგმა ქსელურმა მაღაზიამ პური თავად გააძვირა, არასწორად იქცევიან," - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს დამთავრდა და პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ ხორციელდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც.