საზოგადოება
16/03/2020

პროგრამები ჩერდება, თუმცა მერია დასაქმებულებს ხელფასებს გადაუხდის

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების, საცურაო აუზებისა და სპორტული სკოლების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი; გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება; სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა – მერიის ბალანსზე არსებული კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის სახელფასო  ანაზღაურება.  მათ შორის, საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2 500-დე პედაგოგის, მწვრთნელისა და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით, 25 000-მდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს.