პროფესიული უნარების სააგენტომ პროფესიული კოლეჯებისთვის კონკურსი მეორედ გამოაცხადა
პროფესიული კოლეჯებისთვის, პროფესიული უნარების სააგენტომ კონკურსი მეორედ გამოაცხადა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2“-ს პროფესიული უნარების სააგენტოს სტუდენტური სერვისების მენეჯერმა, დეა აბულაძემ განუცხადა.
როგორც სტუდენტური სერვისების მენეჯერი აღნიშნავს,კონკურსის მიზანი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური განათლების დამატებით აქტივობებისა და მრავალფეროვანი სტუდენტური განვითარების ხელშეწყობაა. აქტივობებში მოიაზრება, სტუდენტური კლუბები, ასევე სხვადასხვა სივრცეების შექმნა, სადაც სტუდენტები თავისუფალ დროს პროდუქტიულად გაატარებენ და ა.შ.
მისი თქმით, მსგავსი აქტივობების შექმნა საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაზრდის ინტერესს და კოლეჯში ჩაბარება უფრო მიმზიდველი გახდება.
„წელს უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. გავზარდეთ საპროექტო პერიოდი. შარშან პროქტი დაახლოებით თვენახევარი, ორ თვემდე გრძელდებოდა, ხოლო წელს მინიმუმ 3 თვიანი მაინც უნდა იყოს. შესაბამისად გავზარდეთ ბიუჯეტიც. შარშან ერთ საპროექტო განაცხადზე 30 ათასი ლარი იყო, წელს - 40 ათასი ლარი გვაქვს,"- აცხადებს აბულაძე
გარდა ამისა, დეა აბულაძის მტკიცებით, პროფესიული უნარების სააგენტო დაინტერესებულია, რომ პროცესში თემში მცხოვრები სხვა ადამიანებიც ჩაერთონ, რომლებიც მომავალში კოლეჯში ჩაბარებით შეიძლება დაინტერესდნენ.
კონკურსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის ის, რომ კოლეჯი პროცესში დამოუკიდებლად ვერ ერთვება. მას უნდა ჰყავდეს რომელიმე პარტნიორი ორგანიზაცია, რომელსაც არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში გამოცდილება აქვს. ამით აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ამ ორ სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
სააგენტო ამ ეტაპზე ორ არაფორმალურ საგანმანათლებლო კურსზე მუშაობს. ესენია ფინანსური წიგნიერებისა და ციფრული კომპეტენციების ამაღლებაზე ორიენტირებული კურსი, რომელიც ფორმალური კურსებისგან განსხვავებული იქნება იმით, რომ მასში ნებაყოფლობითია მონაწილეობის მიღება. სტუდენტები კი მკაცრი ქულებით არ ფასდებიან.
ცნობისთვის, განაცხადების მიღება 3 აპრილიდან დაიწყო და 30 აპრილამდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია, რომ პროექტი საპილოტე რეჟიმში 2022 წელს განხორციელდა, რაშიც 30-მდე სასწავლებელი და 40-მდე ორგანიზაცია იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში გასულ წელს 22 პროექტი დააფინანსეს და ჯამში 1500-მდე პირდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარი ჰყავდათ.