პროფესიული უნარების სააგენტო წელს სსსმ და შშმ პირებისთვის საორიენტაციო სერვისს აამოქმედებს
„მიმდინარე წელს საორიენტაციო სერვისს დავიწყებთ, რომელიც სსსმ და შშმ პირებზეა ორიენტირებული“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ პროფესიული უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური განვითარების გუნდის ლიდერმა, გელა ლომიაშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში სსსმ (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი) და შშმ (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) პირებს საკუთარი ძალების მოსინჯვისა და პროფესიულ განათლების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
„ინკლუზიური პროფესიული განათლება ყველა საჭიროების მქონე ადამიანის ჯგუფებისთვის მნიშნელოვანია. აღსანიშნავია, რომ ყველა პროგრამაში შშმ და სსსმ პირებისთვის 15%-იანი კვოტაა გამოყოფილი, სადაც რეგისტრაცია შეუძლიათ,“ -აცხადებს ლომიაშვილი.
მისი ინფორმაციით, წელს პროგრამებზე 16 ათასი ადგილია გამოცხადებული და ამ დროისათვის უკვე 10 ათას ადამიანზე მეტია დარეგისტრირებული. შესაბამისად, მოლოდინია, რომ აგვისტოს თვე და სექტემბრის დასაწყისი კიდევ უფრო აქტიური იქნება, ვინაიდან ამ პერიოდში ადამიანები საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ.
ლომიაშვილის მტკიცებით, პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ პროგრამები არა მხოლოდ მოსახლეობისათვის, არამედ სხვადახვა მოწყვლად ჯგუფზეც იყოს გათვლილი.
ცნობისთვის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 22 მაისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.