პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
"პროფესიული უნარების სააგენტო“ პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასთან დაკავშირებით საგრანტო კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან“ პროფესიული უნარების სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გუნდის ლიდერმა, ნინო რევიშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული კონკურსი პროფესიული განათლების მასწავლებლების დარგობრივი ქსელების გააქტიურებასა და გაძლიერებას, მასწავლებელთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას, ინოვაციური და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და გამრავალფეროვნებას ხელი შეუწყოს.
გარდა ამისა, კონკურსის ფარგლებში ავტორთა ჯგუფი ციფრული საგანმანათლებლო რესურსის შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ ნაწილს ქმნის. ავტორთა ჯგუფი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სხვადასხვა დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან უნდა შედგებოდეს. თუმცა, თუ შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას არ ახორციელებს სხვა დაწესებულება, დასაშვებია ავტორთა ჯგუფის წევრები ერთსა და იმავე დაწესებულებაში ასწავლიდნენ.
"იდეა თავად მასწავლებიდან მოდიოდა. მათთან რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, თითქმის ყველა მიმართულებით, საგანმანათლებლო რესურსის შექმნის აუცილებლობა გამოიკვეთა.
ბიუჯეტი 120 000 ლარია, რომელიც დაახლოებით 10-12 გრანტს გაწვდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ეს მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია, სამომავლოდ არჩევანის მეტად გამრავალფეროვნებას ვგეგმავთ, "-აცხადებს რევიშვილი.
შეგახსენებთ, "პროფესიული უნარების სააგენტოს" მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებებისა და პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასთან დაკავშირებით 15 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება.