პროდუქტები და მომსახურება, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა
სურსათი, უალკოჰოლო სასმელები და ტრანსპორტი - ეს ის პროდუქტები და მომსახურებაა, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა.
სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასები წლიურად 14%-ით, ტრანსპორტის სფეროში მომსახურება კი 22.5%-ით არის მომატებული.
საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43%-ული პუნქტით აისახა.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა
ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7%);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5%-ით, რაც 2.65%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7%);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1%-იანი მატება, რაც 1.65%-ული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5%). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89%-ული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8%), საავადმყოფოების მომსახურების (5.3%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8%) ქვეჯგუფებზე.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ინფლაციის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდა და უკვე ორნიშნულიან, 11.9%-იან მაჩვენებელს მიაღწია, ეს 10-წლიანი რეკორდია. ამაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი 2011 წლის მაისში იყო და მაშინ წლიური ინფლაციის დონე 14.3%-იან ნიშნულს აჭარბებდა.