საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: ხელისუფლება ვერ ბედავს გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს

პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას უკრაინის მოვლენების პარალელურად საქართველოში არსებულ საფრთხეებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ ამ ვითარებაში გადადგმული ნაბიჯები და განაცხადა, რომ ეს ქმედებები საქართველოს იმიჯს აზიანებს. 

"დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის. ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე, რომელიც შესაძლოა, რომ ხვალ კიდევ უფრო მწვავე გახდეს. თუმცა, ამავდროულად, როგორც სჩვევია ისტორიას, გამოწვევებთან ერთად კრიზისებს და ომებს ახალი შესაძლებლობები მოაქვს. ამ ახალ გზაზე საქართველომ თავისი ადფილი სწორედ ახლა უნდა დაიმკვიდროს. უნდა გვესმოდეს, რა ხდება. უნდა გავიაზროთ და მოვემზადოთ ყველა შესაძლო შემთხვევისთვის და არა პასიურად ვისხდეთ და ველოდოთ, მომავალი რას დაგვახვედრებს. ეს არის ჩვენი ყველა აქ მყოფის ვალდებულება ქვეყნის წინაშე. დრო აღარ ითმენს. თუ ახალ მოვლენებს, საფრთხეებსა და შესაძლებლობებს მზადყოფნაში არ დავხვდებით, ეს დრო აღარ დაბრუნდება. ამიტომ, ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის და დამღუპველი პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, აქ შეკრებილები ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე, "ძალა ერთობაშია". საზოგადოება კი თქვენზე ბევრად ფხიზელია, შეგნებული, მამაცი და რაც მთავარია ერთიანი. დღეს ვხედავ, რომ ეროვნული თანხმობის ნიშნებმა ხალხში უკვე გაიღვიძა, თუმცა ამას თქვენში ჯერ ვერ ვხედავ. ნუთუ, არ გესმით, თუ რა პასუხისმგებლობა გაკისრიათ ყველას ერთად თქვენი ხალხის წინაშე?! დღეს პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავთ და სცდოვთ ქვეყნის წინაშე. უმრავლესობა თანხმობის ძიების გზების მაგივრად ყველას, ვინც არ ეთანხმება ხან მოღალატედ და ხან ომის პარტიად ნათლავს. ოპოზიცია თანხმობის ძიების მაგივრად ხელისუფლების ნებისმიერ განცხადებას უაპელაციოდ პრორუსულად აცხადებს. ორივე მიდგომა საბჭოთა წარსულის მეთოდებს გვაგონებს, ხოლო ქვეყნისთვის დამაზიანებელი და საფრთხის შემცველია. ქვეყნის შიგნით იწვევს დაყოფას და გვასუსტებს, ძალას გვაცლის, აბნევს და აფრთხობს საზოგადოებას. ქვეყნის გარეთ გაუგებარს ხდის ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებების მდგრადობას და მიზანმიმართულობას. ხელისუფლება სცოდავს, როცა ვერ ბედავს, რომ გამოხატოს ის, რასაც ჩვენი ისტორია და ღირსება გვკარნახობს. ამას გამართლება არ აქვს. სიფრთხილისა, თუ შიშის ვეც ერთი არგუმენტი ვერ ამართლებს იმას, რომ ღირსეულად სიტყვით მაინც ვიდგეთ იქ, სადაც სინდისი და ქართველობა მოითხოვს. ხელისუფლება სცოდავს, როცა ამ გარდამტეხ მომენტში ქვეყნისთვის ისტორიული განაცხადი, ევროპის წინაშე ერთობლივი ხელმოწერით გამყარებული კი არ წარსდგა, როგორც სრული სახელმწიფოებრივი კონსოლიდაციის ნიშანი, არამედ არჩია თავის თავში ჩაკეტვა და ერთპიროვნულად ხელის მოწერა",- განაცხადა ზურაბიშვილმა.