პრეზიდენტი EU-ში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის და აპარატის შექმნის ინიციატივით გამოდის.
მან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე ოპოზიციას და ხელისუფლებას ერთიანობისკენ მოუწოდა.
"მინდა მივმართო მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. ამ ურთულეს პერიოდში გამოყენებული იყოს ყველა ძალისხმევა, რათა შევძლოთ ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება: ერთი მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და მეორე მხრივ, უკრაინასთან მიმართებაში. ისე რომ, არცერთი საკითხი არ იქნას გამოყენებული ვიწრო, პოლიტიკური ინტერესებისათვის.
მივესალმები გაწევრიანების შესახებ პრემიერის განცხადებას, მივესალმები რეზოლუციას, რომელიც მუშავდება პარლამენტში და ყველას მოვუწოდებ, რომ ეს რეზოლუცია ერთსულოვნად იქნას მიღებული. ასევე, გავეცანი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ შექმნილ განცხადებას, საზოგადოების სხვა პეტიციებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ასევე მივესალმები. გთავაზობთ, რომ ყველა ეს წამოწყება იყოს გაერთიანებული და ყველამ ერთად მოვაწეროთ ხელი ერთ დოკუმენტს, რომელიც იქნება ჩვენი განაცხადის მხარდამჭერი და ნიშანი ამ საკითხზე ჩვენი სრული ერთიანობისა, და გადაეგზავნოს ევროკავშირს ერთ პაკეტად საქართველოს სახელით.
გთავაზობთ, რომ სასწრაფოდ შეიქმნას ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა და აპარატი, რომელიც შეიძლება ოპოზიციის წიაღიდან იქნას შერჩეული. ის განახორციელებს კოორდინაციას, რათა გაწევრიანების მოთხოვნები მყისიერად იქნას შესრულებული, როგორც სხვა კანდიდატი ქვეყნების შემთხვევაში ხდება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული, ან სხვა ფორმატი, სადაც ყველა სენსიტიურ საკითხს განიხილავენ.
"აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ, რომ ამ ყველასათვის უმძიმეს პერიოდში გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენის გამოყენებაზე. დაბოლოს, მივმართავ ხალხს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველა იმ კერძო წამოწყებისა და სოლიდარობის ინიციატივებისთვის, რითაც უკრაინისადმი მხარდაჭერა გამოხატეთ. ასევე, მინდა უკრაინაში მაცხოვრებელი ჩვენი თანამემამულეების სახელით და პირადად ჩემი სახელით მადლობა მოვახსენო საელჩოს და საკონსულოების თანამშრომლებს კიევში, ოდესასა და ლვოვში, მათი პერსონალური და დაუღალავი თავდადებისათვის.
მინდა გითხრათ, რომ გველოდება რთული პერიოდი, მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარება, როგორც მთელ მსოფლიოს. ეს ჩვენი საზოგადოების შესატანი წვლილია, იმ დროს, როცა ჩვენი უკრაინელი ძმები სისხლით და ბრძოლით იცავენ ჩვენს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ახალი მომავლის კარს გვიხსნიან. მინდა იცოდეთ, რომ მე არაფერს დავიშურებ, რომ მთავრობასა და ოპოზიციასთან ერთად მოვნახოთ თანამშრომლობის და ერთიანობის საშუალება. ერთად აღვუდგეთ საფრთხეებს წინ და ერთად მოვნახოთ ყველა ახალ კარის გასაღები. თქვენც გმართებთ თქვენი წვლილი შეიტანოთ, თქვენი ვალდებულება შეასრულოთ და ეროვნული თანხმობა რეალობად აქციოთ, რამეთუ ეს არის ქვეყნის რეალური საყრდენი, რომელიც ყველაფერს გაგვაძლებინებს და ყველაფერს შეგვაძლებინებს. დიდება უკრაინას! დიდება გმირებს! გაუმარჯოს საქართველოს!", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში.