საზოგადოება
14/03/2022

პრეზიდენტი: დღეს იზოლირებული, ხვალ კი დასუსტებული რუსეთი უკრაინის დამსახურებაა

პარლამენტში სესიაზე მოხსენებისას საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომზე და ამ ომის გავლენაზე მთელ მსოფლიოში.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს სწორედ უკრაინის დამსახურებაა ერთსულოვანი ევროპისა და ამერიკის არსებობა. 

"აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. დღეს აქ ჩვენთან ერთად ეკლესიაც არის წარმოდგენილი და ყველა ერთად მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას. დღეს ამ ტრაგედიის შემყურეთაგან ვინც ყველაზე კარგად აცნობიერებს, თუ რას ნიშნავს რუსული საოკუპაციო იმპერიალიზმი, ეს ქართველები ვართ. ქართველებს ყველაზე კარგად გვესმის და ვიზიარებთ იმას, თუ რას განიცდის უკრაინელი ერი. უკრაინამ და საქართველომ ერთი გზა გავიარეთ. რუსული იმპერიიდან გათავისუფლება, საბჭოთა იმპერიის მიერ დაპყრობა, აჯანყებები, რეპრესიები, დამოუკიდებლობის აღდგენა, რუსეთის მიერ პროვოცირებული სეპარატიტული კონფლიქტები, კიდევ ომი და კიდევ ოკუპაცია.

ამის მიუხედავად, ხელი ვერავინ და ვერაფერმა აგვაღებინა დამოუკიდებლობაზე. ზურგი ვერავინ და ვერაფერმა შეგვაქცევინა ჩვენ მიერ არჩეული ისტორიული ევროპული გზისთვის. საქართველოს ისტორია, ისევე როგორც უკრაინის, სიამაყისა და სიმამაცისაა. ასე იქმნება ერი. დღეს ჩვენ უკრაინაში სწორეს ასეთ სასწაულ შემართებას ვხედავთ, რაც მხოლოდ გამარჯვებით შეიძლება დასრულდეს. დღეს მსოფლიოს უმძიმესი დღეები უდგას, თუმცა უკრაინის ბრძოლა გამარჯვებული თუ არა, წარმატებულია. რამეთუ ამ მოვლენებმა მსოფლიოს თვალი გაახელინა და გამოაღვიძა. უკრაინის დამსახურებაა უპრეცედენტო საერთაშორისო სოლიდარობა, ევროკავშირის არნახული ერთსულოვნება, ამერიკისა და ევროპის ერთსულოვნება. უკრაინის დამსახურებაა დღეს იზოლირებული, ხვალ კი დასუსტებული რუსეთი",- განაცხადა ზურაბიშვილმა.