პრემიერი: WB მზად არის მთავრობას სტრატეგიული გეგმის დამუშავებაში კონსულტაცია გაუწიოს
მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს მთავრობას 10-წლიანი სტრატეგიის შემუშავებაში კონსულტაციები გაუწიოს.
პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ, ანა ბიერდესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეს მთავრობას დაეხმარება კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვროს ყველა სექტორის მიმართულება.
"მივიღე პოზიტიური პასუხი ქალბატონი ანასგან, რომ მსოფლიო ბანკი მზად არის, გაუწიოს კონსულტაცია მთავრობას ამ მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა საქართველოს ეკონომიკისთვის.
„ქალბატონ ანასთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი პროექტები, ის ძალიან მნიშვნელოვანი პორტფელი, რომელსაც მსოფლიო ბანკი მართავს ჩვენს ქვეყანაში. პორტფელის საერთო მოცულობა შეადგენს 2,7 მილიარდ დოლარს, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყო ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, დაახლოებით 70-მდე პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად ბანკის მიმდინარე 13 აქტიური პროექტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით მილიარდ დოლარს, რაც მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საუბარი შეეხო პროფესიული განათლების საჭიროებასა და ერთობლივად უფრო მეტი ძალისხმევის განხორციელების, ასევე ენერგეტიკის და ციფრული ტექნოლოგიების განვითარების საკითხებს.