საზოგადოება
17/05/2021

პრემიერი: ვაქცინაციის პროცესში შეფერხება არ გვექნება, დამატებით დოზებს შემოვიტანთ

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოტანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. 

მისი თქმით, ქვეყანაში, ზაფხულში “ფაიზერის“ ვაქცინა კიდევ შემოვა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის უშუალოდ იყო ჩართული მოლაპარაკებების პროცესში და  „ფაიზერის“ პრეზიდენტთან არაერთი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

„ვაქცინების თაობაზე ჩვენ საკმაოდ ეფექტიანად, წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. უშუალოდ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ უკვე დავიწყეთ  ვაქცინების მიღება. მეორე არის უშუალოდ, მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ამის თაობაზე დეტალურად, რამდენიმე დღეში გვექნება საშუალება, რომ მინისტრთან ერთად, დეტალური ინფორმაციით წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, საუბარია „ფაიზერის“ დამატებითი ვაქცინების შემოტანაზე ზაფხულში, ივნის-ივლისის თვეში დაახლოებით. ჩვენ მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ვიყავი ჩართული, „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე იგეგმება ახალი ვაქცინების, “მოდერნას“ და “ნოვოვაქსის“ შემოტანა. 

„გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ქარხნებთან უშუალოდ მოლაპარაკებები, დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშრებით. ასევე „მოდერნასთან“, „ნოვოვაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშრებით. ასე რომ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. უკვე მოწერილია ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით დოზებს მივიღებთ, ასე რომ არ იქნება შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.