საზოგადოება
16/09/2021

პრემიერი: წლის ბოლომდე 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლება

"თბილავიამშენისა" და "დელტას" ერთობლივი თანამშრომლობით წლის ბოლომდე 6 სუ-25 ტიპის შვეულმფრენი იქნება აღდგენილი. 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით ამ ეტაპზე აღდგენილია 4 სუ-25. 

"31-ე ქარხანა ისტორიულია, რომელმაც ათასამდე სუ-25 აწარმოა და გამოუშვა წლების განმავლობაში. როდესაც თავდაცვის მინისტრად დავინიშნე, განვაცხადე, რომ ჩვენი ძალებით აღვადგენდით და დავიწყებდით სუ-25-ების განახლების პროექტს. დღეს სახეზეა 4 აღდგენილი სუ-25, რომელიც სრულიად მოდერნიზებული და აღდგენილია ჩვენი ძალებით. ჩვენ ასევე ახალი ანგარი გავაკეთეთ, სადაც აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღდგენითი სამუშაოები "დელტას" მენეჯმენტის ქვეშაა მთლიანად. წლის ბოლომდე 6 აღდგენილი სუ-25 გვეყოლება. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს მი-24-ების აღდგენითი სამუშაოები. ინტენსიურად დავიწყებთ ამ ვერტმფრენების გამოშვებას. 

გარდა ამისა, 4 ამერიკული ვერტმფრენი უკვე გავაგზავნეთ ამერიკაში და ჩვენი ავიაციის სარდლობის წარმომადგენლები ადგილზე არიან, რომლებიც აკვირდებიან აღდგენით სამუშაოებს. რამდენიმე თვეში 4 ამერიკული აღდგენილი ვერტმფრენი ჩამოგვივა და მთლიანად მოხდება მთელი საავიაციო პარკის განახლება და აღდგენა. 

ეს არის ძალიან დიდი მოტივაცია ჩვენი გმირი მფრინავებისთვის, ჯარისკაცებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებოდნენ საფრენ აპარატების აღდგენას. წლების განმავლობაში ეს პროექტი გაჩერებული იყო. მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელით",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მთავრობის ინფორმაციით, სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგენა და გარემონტება ხდება. 

სუ-25 ტიპის მოიერიშე სრულად აღიჭურვა თანამედროვე რადიოელექტრონული სანავიგაციო სისტემით.

საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავები საავიაციო ქარხანაში მოთავსდა და სააქციო საზოგადოება საფრენი აპარატების კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. 

ამ დროისთვის უკვე დასრულებულია 4 ერთეული სუ-25-ის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზება. პარალელურად მიმდინარეობს მი-24 ტიპის შვეულმფრენის რემონტი, რომლის სატესტო ფრენა უახლოეს მომავალში იგეგმება. აქტიურად მიმდინარეობს UH-1-ების აღდგენის პროცესიც. სრულად დასრულდა 4 ერთეული  AN-2 ტიპის თვითმფრინავების კაპიტალური რემონტი. საფრენი აპარატები გადაყვანილია შერეული საავიაციო ესკადრელიის ბაზაზე და აქტიურად მიმდინარეობს მათი ექსპლუატაცია სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. 

საავიაციო პარკის განახლების პროცესი "თბილავიამშენისა" და "დელტას" ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება. საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პარალელურად, პროექტი პირადი შემადგენლობის მომზადებასა და გადამზადებას, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისიწნებს.