საზოგადოება
07/10/2021

პრემიერი: შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს

რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში ნატო-ს აქტიური ჩართულობა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს უმაღლესი სამხედრო ხელისუფლების საქართველოში ვიზიტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერის მაჩვენებელია.

პრემიერის განცხადებით, საქართველო, როგორც ნატოს მოკავშირე, უსაფრთხოების საერთო პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულია და უერთდება გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოკავშირეების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რისი დასტურიცაა საქართველოს როლი მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდეგ, ავღანეთიდან ტრანზიტისა და ევაკუაციის ძალისხმევის ხელშეწყობაში.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულია და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით აგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. საუბარი შეეხო თავდაცვის შესაძლებლობების და ალიანსთან თავსებადობის გაძლიერების მიზნით საქართველოში ამბიციური თავდაცვის რეფორმების განხორციელებას, საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას და ნატო-სთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტურ გამოყენებას. ხაზი გაესვა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) მნიშვნელობას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და მზად არის, მოკავშირეებს მრავალეროვნული სწავლებებისთვის მაღალი სტანდარტების სასწავლო გარემო შესთავაზოს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის სამხედრო მრჩეველი, ბრიგადის გენერალი დატლევ სიმონსი, ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო სამსახურის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს დირექტორი, გენერალ-მაიორი ფრანჩესკო დიელა, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი, ნატო-ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი პოლკოვნიკი რუშენ აბიდინოღლუ, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოს ელჩი ნატო-ში ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და ნატოში საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ძნელაძე ესწრებოდნენ.