პრემიერი ნამახვანჰესის პროტესტზე: ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ENKA-ს დამფუძნელებთან და მფლობელთან გეგმავს შეხვედრას, რომელიც თბილისში ჩამოდის.
“პროცესში თავად ვარ ჩართული და მსურს დეტალურად გავერკვიო, ხელშეკრულებაში რაიმე საწინააღმდეგო ხომ არ არის. რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს კატეგორიულად მიუღებელია“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება.
მისივე თქმით, მთავრობამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მოიწვია, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის პროექტის ნიუანსებს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს.
“ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთია და ჩვენ კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით ის ბნელი, 90-იანი წლების პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო “ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ კარგად მოგეხსენებათ - მივიღეთ სამოქალაქო ომი, ჩვენ თვითონ დავანგრიეთ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფაბრიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმდროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. აქედან გამომდინარე, მინდა ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ, სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.