საზოგადოება
19/08/2021

პრემიერი: მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს

ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთის კლინიკაში სტუმრობისას.

პრემირმა თქვა, რომ ვაქცინაციაზე მოსახლეობის მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, შექმნილია მობილური სამედიცინო ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შესაბამისად, ერთვებიან პროცესებში. ჯგუფები უზრუნველყოფენ, ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინაციის პროცესი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვაქცინაციის მოქმედი ცენტრებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, რომ მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა "მედალფას" გარდა, იმუნიზაცია მინდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.