საზოგადოება
12/07/2021

პრემიერი ლექსო ლაშქარავას საქმეზე: პროცესში საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა 

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით “ტვ პირველის“ მოთხოვნით, პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი. 

პრემიერის თქმით, პროცესში საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება და უმოკლედ ვადებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. 

“მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები. ამას გარდა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, თვითონ გარდაცვლილის ოჯახის ინიციატივით და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. გარდა ამისა, ვახტანგ გომელაურის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში, იმისათვის, რომ არც ერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.