საზოგადოება
03/03/2022

პრემიერი: ისტორიული დღეა, ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს

"დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის - ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროპული სახელმწიფოა- ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს. 

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე - ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.