პრემიერი ანაკლიის პორტზე: რეალური ინვესტორი თუ იქნება, მხარდაჭერას აღმოვუჩენთ
“თუ ანაკლიის პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის მამუკა ხაზარაძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, პროექტს უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდა ხელისუფლების მხრიდან, პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში - ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და ზონას მიეცა სპეციალური სტატუსი.
“ანაკლიის პორტზე ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს გვქონდა არაერთი შეხვედრა, სრულ მხარდაჭერას გიწევდით. უფრო მეტიც, დაფინანსების შემოთავაზებაც კი გქონდათ მიღებული. თქვენმოგეცათ გონივრულზე მეტი ვადა, 4 წელი. სამწუხაროდ, ვალდებულებები ვერ შეასრულეთ და ეს პროექტი ვერ განხორციელდა.
როდესაც მთავრობაში არ ვიყავი, როგორც ვიცი, თქვენ არა ერთხელ - სამჯერ თუ ოთხჯერ გადაგივადეს. პირველი ფაზაც ვერ შეასრულეთ. შემდეგ სამწუხაროდ წავიდა პოლიტიკური სპეკულაციები და საუბარ იმაზე, რომ თითქოს მთავრობა გიშლით ხელს და რუსეთის დავალებით ვერ განახორციელეთ აღნიშნული პროექტი. დღესაც გიდასტურებთ, თუ აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად რეალური ინვესტორი იქნება ქვეყანაში, მზად ვართ, სრული მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. უფრო მეტიც, მიწებიც გადმოგეცათ, 100 მილიონი დოლარის დაფინანსებაზეც მიიღეთ გარანტია საპარტნიორო ფონდიდან. მანამდე დაიხარჯა რამდენიმე ათეულიმილიონი ლარი. სამწუხაროა, რომ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - მიმართა პრემიერმა მამუკა ხაზარაძეს.