პრემიერი: 1-ლი იანვრიდან დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას
მთავრობა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო მოსამსახურეებისთვის ხელფასების მომატებას გეგმავს.
პარასკევს, ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდაზე ლაშა ხუციშვილის ინიციატივას დღეს პრემიერიც გამოეხმაურა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არჩევნების მოახლოების ფონზე, პრობლემაა, რომ მერების ხელფასი დაახლოებით 1800-2000 ლარს შეადგენს. რაც პრემიერის თქმით, "აბსოლუტურად ამოვარდნილი და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან."
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასები წლების განმავლობაში არ გაზრდილა, სამინისტროების დონეზე ცალკეული ლოკალური გადაწყვეტილებების გარდა.
„2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად ვიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს აუცილებელია, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კერძო სექტორთან კონკურენციას. ამიტომ, აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს გაორმაგება. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2000 ლარად და ემსახუროს მაგალითად ქუთაისს, უზარმაზარ ქალაქს, ბათუმს და ხელფასი ჰქონდეს 2000 ლარი. წარმოუდგენელია, ამიტომ ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვაგვარებთ, ისევე, როგორც ზოგადად, სხვა საჯარო მოხელეების ხელფასებს", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი კვალიფიციური საჯარო მოხელეების ხელფასების ყოველწლიური ზრდის ინიციატივით გამოდის. მინისტრი საკანონმდებლო დონეზე კონკრეტული წესების ჩამოყალიბების მომხრეა, რამდენადაც მიაჩნია, რომ კვალიფიციური კადრების საჯარო სექტორში არსებობა ეფექტური ბიუროკრატიისთვის მნიშვნელოვანია.
მისი განმარტებით, ეს სახელმწიფოს საშუალებას მისცემს საჯარო სექტორში კვალიფიციური კადრები შეინარჩუნოს. "ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია საჯარო სექტორში ანაზღაურება დაუახლოვდეს კერძო სექტორში იმავე კვალიფიკაციის დასაქმებულთა ანაზღაურებას", - განაცხადა მინისტრმა.
ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ კვალიფიციური საჯარო მოხელის ხელფასი და მისი ზრდა არ უნდა გახდეს მუდმივი პოლიტიზირების საგანი ქვეყანაში.