საზოგადოება
25/03/2020

პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

პოლონეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათ სამშობლოში დაბრუნება სურთ, თუმცა პოლონეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ფრენები შეწყვეტილია. საქართველოს რეგულარული ფრენები აქვს შეჩერებული სხვა ქვეყნებთანაც. AviaNews-ი პოლონეთში სამუშაოდ წასული ემიგრანტის მეუღლეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნება 700-მდე ადამიანს სურს.

თამარ დანგიაშვილი ​ამბობს, რომ პოლონეთში საელჩოს მხრიდან ყურადღება მინიმალური იყო, ვიდრე საქართველოში სანაცნობო წრე არ ჩარია.

– რატომ ვერ მოახერხა თქვენმა მეუღლემ სამშობლოში დაბრუნდება, ავიაბილეთი 21 მარტამდე პერიოდში ფრენას ითვალისწინებდა და არ შესრულდა, თუ უბრალოდ რეგულარული ფრენების გაუქმების შემდეგ საქართველოში დაბრუნების პრობლემა შეიქმნა?

– მოგეხსენებათ ქართველებისათვის ხელმისაწვდომი იყო პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის ბილეთები, რომელმაც თბილისის მიმართულებით 3 რეისი დანიშნა, რადგანაც საქართველოდან პოლონეთის მოქალაქეები უნდა დაებრუნებინა. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი 860-დან 1600 ზლოტამდე იყო. თუმცა ვერც ამ ბილეთების შეძენა მოვახერხეთ, რადგანაც რეალურად ბილეთები ხელმისაწვდომი აღარ იყო.

– ვიდრე საქართველოს რეგულარული ფრენების აკრძალვის შესახებ განაცხადებდა, წინმსწრებად მოახდინა თუ არა პოლონეთში საქართველოს საელჩომ მოქალაქის გაფრთხილება და შესთავაზა თუ არა კონკრეტული გზები სამშობლოში დასაბრუნებლად?

– ამასთან დაკავშირებით არანაირი გაფრთხილება არ ყოფილა. შეთავაზება იყო ის რომ ზემოთ ნახსენები LOT Polish Airlines-ის რეისებით შეეძლოთ გამომგზავრება.

– პოლონეთში მყოფ ადამიანებს, ვინც იქ სამუშაოდ არიან წასულები მეტ-ნაკლებად ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ, თუნდაც სამშობლოში დაბრუნების გზების ძიების თაობაზე ინფორმაციის გაცლა გამოცვლისთვის. პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა რამდენად ბევრია და ხდება თუ არა საქართველოს საელჩოს მხრიდან მათი სათანადო ინფორმირებულობა?

– დიახ, საკმაოდ ბევრნი არიან. პოლონეთში შეჩერდა ქარხნებისა და სხვა დაწესებულებების მუშაობა, სადაც ეს ადამიანები იყვნენ დასაქმებულნი. შესაბამისად გაჭირდა მათთვის საცხოვრებელი ადგილების ქირის გადახდა. ასევე წამოიჭრა საკვების პრობლემა. ბევრს დანაზოგიც არ ჰქონდა, რომ ამ თანხით ბილეთი ეყიდათ და დაბრუნებულიყვნენ, ან თავი გაეტანათ. ბევრი ადამიანია, რომელიც საქართველოდან იღებს ფულად გზავნილებს, რომ კვების პრობლემა მოიგვაროს. მათ შორისაა ჩემი მეუღლეც. ამ ყველაფერზე საელჩოს პასუხი? არ ვიცით, ვერ დაგეხმარებით.

– 3 აპრილისთვის დაგეგმილი თბილისი-ვარშავა-თბილისის სპეცრეისთან დაკავშირებით მოხდა თუ არა მათი ინფორმირებულობა საელჩოს მხრიდან და რა ინფორმაციას ფლობენ, როგორ მოხერხდება ამ მიმართულებაზე ბილეთის შეძენა, როცა ავიაკომპანიის საიტზე ჯერჯერობით ბილეთები არ იძებნება?

– ეს ცალკე დიდი პრობლემაა. ზოგადად საქართველოს საელჩოს პოლონეთში არაფერზე არ ჰქონია პასუხი, იქამდე სანამ საქართველოში რამდენიმე ადამიანი არ შეწუხდა ჩვენი და ემიგრანტების მდგომარეობით. მათ შორის იყო თამუნა თანდაშვილი რომელმაც დეტალურად გამოიკვლია არსებული პრობლემა და სრული მზადყოფნა გამოგვიცხადა დახმარებისათვის. მას მივაწოდე კონტაქტები, დაახლოებით 150 ადამიანის, რომლებსაც ესაჭიროებათ დაბრუნება. როგორც კი თამუნას გადავეცი მონაცემები მეორე დღეს დაიწყეს ამ ადამიანებთან საელჩოდან დარეკვა და გადამოწმება რა მდგომარეობა ჰქონდათ. აღვნიშნავ იმასაც, რომ საელჩომ ამის შემდეგ გამოიჩინა ყურადღება და ქართველებს გამოუყო თავშესაფარი. მინდა ვთქვა, რომ საელჩოს ამ კონკრეტული ადამიანების კონტაქტები მანამდეც ჰქონდა, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ. არც ტელეფონზე პასუხობდნენ და იქ მისულებს კარსაც არ უღებდნენ.

ბილეთების შეძენას რაც შეხება ბევრი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, მათ შორის ის, რომ რუსთაველის 12 ნომერში მივსულიყავით და შევიძენდით ბილეთებს, ან ის რომ აეროპორტში მოხდებოდა ბილეთების გაყიდვა. აეროპორტში მომცეს Georgian Airways-ის ნომერი. როგორღაც შევძელი მათთან დაკავშირება და იქაც ყველა კითხვაზე პასუხი იყო – არ ვიცით. ერთადერთი იმაზე მივიღე პასუხი, რომ საიტზე მოხდება ბილეთების გაყიდვა. ამ დროისათვის არც ბილეთის ფასია ცნობილი და არც ის თუ როდის დაიდება პოლონეთის ბილეთები. დღეის მდგომარეობით როგორც ვიცი 700-ზე მეტი ქართველია ჩამოსაყვანი.

საქართველოშიც და პოლონეთშიც სპეცრეისებთან დაკავშირებით ყველამ გავიგეთ საინფორმაციო გამოშვებებიდან. როდესაც ინფორმაცია გავრცელდა სპეცრეისებზე მაშინაც კი არანაირი პასუხი არ ჰქონია საელჩოს. ბილეთების გაყიდვას რაც შეეხება ზოგი იძახის სიით მოხდება მათი ჩამოყვანაო, ზოგი იძახის ბილეთები გაიყიდება საიტზეო. ზუსტი პასუხი მაინც არავინ არ ვიცით.

– თქვენი ახლობელი უშუალოდ ვარშავაშია? თუ კი მოხდა Georgian Airways-ს რეისზე ბილეთის შოვნა, როგორ მოახერხებს ის ვარშავაში ჩასვლას? როგორი ვითარებაა ამ დროისათვის პოლონეთში შიდა გადაადგილების მხრივ?

დიახ ვარშავაშია.შიდა გადაადგილება ძალიან ჭირს.მანქანა ყავდა ამ მოვლენებამდე ნაქირავები და რადგან უმუშევარი დარჩა ამ მანქანის ქირის გადახდა გამორიცხული იყო. ამიტომ დაუბრუნა კომპანიას და ფაქტიურად ნაწილობრივ თვითიზოლაციაშია. ამ დროისათვის ქვეყანაში გადაადგილება რთულია. საელჩომ მათ გამოუყო თავშესაფარი და დიდი იმედი მაქვს ბილეთების პრობლემა არ იქნება და თუ დროულად ჩაეშვება გაყიდვაში შევძლებთ შეძენას.

avianews.ge

Businesspartner