პარლამენტმა საკრებულოებში მოადგილეების რაოდენობის გაზრდაზე პროექტი დაამტკიცა
პარლამენტმა "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც ფრაქციების შექმნის წესს ცვლის და მოადგილეების რაოდენობას ზრდის.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ ფრაქციების შექმნის წესის ცვლილება თანამდებობის პირების რაოდენობას შეამცირებს, რამაც შესაძლოა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კლება გამოიწვიოს.
მიღებული კანონპროექტით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს უფლება არ ექნებათ, ერთზე მეტი ფრაქცია შექმნან. გაიზარდა მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა 100000-ს აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ორი მოადგილე. ცვლილების თანახმად კი, საკრებულოს თავმჯდომარეს ეყოლება 3 მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე.
მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე, ხოლო ფრაქციაში 9 წევრის არსებობის შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს დამატებით 1 მოადგილე, კანონში შესატანი ცვლილებით, ფრაქციის თავმჯდომარეს 1 მოადგილე ეყოლება, ხოლო დამატებითი მოადგილე ფრაქციაში ყოველ 5 წევრზე ეყოლება.
"კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა იქონიოს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კლების კუთხით, რადგან კოდექსის მოქმედი რედაქციისგან განსხვავებით ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები შექმნიან მხოლოდ ერთ ფრაქციას, შესაბამისად გამოირიცხება მცირე ფრაქციების ხელოვნურად შექმნა და მიუხედავად იმისა, რომ ახალი რედაქციის მიხედვით ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, საერთო ჯამში შემცირდება მუნიციპალიტეტების საკრებულოებში თანამდებობის პირთა რაოდენობა, რაც თავის მხრივ შეამცირებს მათთან დაკავშირებულ შესაბამის ხარჯებს", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, გურამ მაჭარაშვილი, დავით მათიკაშვილი, დიმიტრი სამხარაძე.
პლენარული სხდომის გამართვამდე, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" განცხადება გაავრცელა, სადაც პარლამენტს მოუწოდეს, რომ აღნიშნული კანონრპოექტი არ მიეღოთ.